ქართველ სუმოისტს თბილისის აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

ლევან გორგაძეს, რომელმაც ოძეკის ტიტული დაიბრუნა, თბილისში ქომაგები და ფოლკლორული ანსამბლი დახვდა
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) დაბრუნდა სამშობლოში იაპონიის იმპერატორის თასზე სუმოს ტურნირის დასრულებიდან ორ კვირაში, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

თბილისის აეროპორტში გორგაძეს დახვდნენ ქომაგები და ახლობლები, ასევე საქართველოს სუმოს კავშირის პრეზიდენტი ლევან ცაგურია.

სახელოვან სპორტსმენს ანსამბლი სიმღერით შეეგება. ოფიციალურმა პირებმა სუმოისტს ოძეკის ტიტულის დაბრუნება მიულოცეს.

ქართველ სუმოისტს თბილისის აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

„ბოლო ტურნირზე ტრავმირებული მუხლი ისევ დამიზიანდა და მაწუხებს. შევეცდები, რომ ნაგოიას ბაშომდე ტრავმა მოვირჩინო და მაქსიმალური შედეგი დავაფიქსირო. მადლობა გულშემატკივარს, რადგან თითოეული თქვენთაგანის თანადგომა უდიდეს სტიმულია და წარმატების მიღწევაში მეხმარება“, – განაცხადა ლევან გორგაძემ პირველი არხის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული გაზაფხულის ჰარუ-ბაშოზე დაკარგა. ზაფხულის ნაცუ-ბაშოზე მის დასაბრუნებლად ქართველ სუმოისტს 15 შერკინებაში 10 გამარჯვების მოპოვება სჭირდებოდა. დასმული ამოცანა ტოჩინოშინმა შეასრულა და შეჯიბრება დადებითი ბალანსით დაასრულა – 10-5.

მომდევნო ტურნირი, რომელშიც ტოჩინოშინი იასპარეზებს – ნაგოია-ბაშო 7-21 ივლისს გაიმართება. რამდენიმე დღეში ტოჩინოშინი ისევ იაპონიაში დაბრუნდება.