მსოფლიო დღეს

ომანის ყურეში გადარჩენილი ქართველი მეზღვაური დუბაიშია

ორივე ტანკერის ეკიპაჟის წევრები უვნებლები არიან.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ნორვეგიული კომპანიის კუთვნილი ტანკერის ეკიპაჟის ყველა წევრი, რომელთა შორის საქართველოს ერთი მოქალაქეცაა, დუბაიში ჩაფრინდა, იუწყება პირველი არხი სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით.

კომპანიის ცნობით, ეკიპაჟის 23 წევრი დუბაიში ირანის ქალაქ ბენდერ-აბასიდან გაფრინდა.

ცნობილი ხდება ომანის ყურეში გადარჩენილი ქართველი მეზღვაურის მდგომარეობა

თავდასხმა ნორვეგიის დროშით მცურავ Front Altair-სა და პანამურ Kokuka Courageous-ზე 13 ივნისს მოხდა. ირანის შესაბამისმა სამსახურებმა 44 მეზღვაური გადაარჩინეს და საკუთარ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ნორვეგიული გაზეთი VG-ს ინფორმაციით, Front Altair-ზე საქართველოს, რუსეთისა და ფილიპინების მოქალაქე მეზღვაურები იმყოფებოდნენ.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრების უმრავლესობა დუბაიდან პირდაპირ სამშობლოში გაემგზავრა. დანარჩენები კი, საუდის არაბეთს 16 ივნისს დატოვებენ.

ნორვეგიული კომპანიის კუთვნილი ხომალდის ეკიპაჟი ირანელმა მესაზღვრეებმა და მაშველებმა ირანის პორტში გადაიყვანეს, მეორე ტანკერიდან კი, რომელიც იაპონურ კომპანიას ეკუთვნოდა, ეკიპაჟის წევრები ამერიკული საზღვაო ხომალდის ბორტზე გადაიყვანეს. ორივე ტანკერის ეკიპაჟის წევრები უვნებლები არიან.

ქართველი მეზღვაურის ცხედარი ლიბიიდან საქართველოში ჩამოასვენეს >>

აღსანიშნავია, რომ ომანის ყურეში მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ ლიბანურმა ტელეარხმა Al-Mayadeen-მა, წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ Front Altair-ი ჩაიძირა. ამასთან, ეს ინფორმაცია უარყო „როიტერმა“ და აღნიშნა, რომ ხომალდი ჯერ ისევ იწვის.

ამ დროისათვის თავად ომანის ხელისუფლება მხოლოდ ნორვეგიულ ტანკერზე თავდასხმის ფაქტს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ინციდენტი ირანის ტერიტორიულ წყლებში მოხდა.

ფაქტის გამოძიებაში ჩაერთო ორგანიზაცია „დიდი ბრიტანეთის საზღვაო-სავაჭრო ოპერაციები“ (UKMTO).