თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ფოთში საქართველოს ჩემპიონატი ტაეკვანდოში ჩხუბითა და სპორტსმენთა დაკავებებით დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
დაკავებულია სამი მწვრთნელი. ერთ-ერთი დაკავებული, ტაეკვანდოს ფედერაციის გამგეობის წევრი, გიორგი აბულაძე ფოთის პოლიციიდან ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.
6 წელზე მეტია ტაეკვანდოს ფედერაციის დაპირისპირებულ მწვრთნელთა და სპორტსმენთა ნაწილი პრეზიდენტის, სულხან ბაბუაძის გადადგომას ითხოვს. სავარაუდოდ, დღეს მომხდარი ინციდენტის მიზეზი სწორედ ეს კონფლიქტი გახდა.
„წამოვიდნენ პროვოკაციაზე, ადამიანები ვართ, ხომ? შეხლა-შემოხლა მოხდა. იმ წუთას რა მოხდა არ ვიცი. ფედერაციის პრეზიდენტი არის 7 წელია, 7 წლის განმავლობაში ამ ტაეკვანდოში არაფერი გაკეთებულა სიგლახის მეტი. ეს ხალხი ყველა განაწყენებულია, პირადულად კი არა, იმის გამო, რომ ფედერაციაში არაფერი გაკეთებულა“, - აცხადებს იმერეთის ტაეკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტი რომეო გურეშიძე.
ტაეკვანდოს ეროვნული ფედერაციის იურისტი, ტარიელ კიკნაძე აცხადებს, რომ სულხან ბაბუაძე ნაცემია.
„ვინ გაიყვანა, არ ვიცი, მაგრამ ეს ადამიანი არის ნაცემი. რატომ სცემეს, არ ვიცი“, - განაცხადა კიკნაძემ.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.