საქართველო მეორე ევროპულ თამაშებზე 61 სპორტსმენს წარადგენს

მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს გუნდი სპორტის ათ სახეობაში იასპარეზებს
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. მინსკის ევროპულ თამაშებზე საქართველო 61 სპორტსმენს წარადგენს, ამის თაობაზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი. 

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა თავისუფალ ჭიდაობაში მინსკის ევროთამაშებისთვის

კომიტეტის სხდომა პარასკევს გაიმართა, სადაც კომიტეტის წევრებმა ევროპული თამაშებისთვის სპორტსმენთა მზადებასა და ორგანიზაციულ-ტექნიკურ საკითხებზე ისაუბრეს.

დადგინდა, რომ ბელარუსის დედაქალაქში საქართველო 122 კაციანი დელეგაციით გაემგზავრება. დელეგაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს.

ევროპულ თამაშებზე ქართველი სპორტსმენები სპორტის 10 სახეობაში იასპარეზებენ.

22-30 ივნისს მინსკი მეორე ევროპულ თამაშებს უმასპინძლებს, რომელიც ოთხი წლის წინ გამართულ პირველ ანალოგიურ თამაშებთან შედარებით შემჭიდროებული ფორმატით ტარდება.

თამაშების პროგრამაში სპორტის 15 სახეობაა შეტანილი.