MagtiFix-ის სერვისზე ლიცენზია გაგრძელდა

კომპანიამ აბონენტებს თავისი სერვისის ალტერნატივა უნდა შესთავაზოს.
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სატელეკომუნიკაციო კომპანია Magti-ს 10 წლით გაუხანგრძლივა MagtiFix-ის მომსახურების ლიცენზია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურზე დაყრდნობით.

კომპანია Magti-ს მომავალი კვირიდან CDMA ტექნოლოგიაზე ლიცენზიის ვადა ეწურებოდა. ვადის ამოწურვის შემდეგ კომპანია ვეღარ მოემსახურება MagtiFix-ის აბონენტებს. ეს აბონენტები, ძირითადად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებთან ახლოს და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ადამიანები არიან.

მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა შეიძლება კავშირგაბმულობის გარეშე დარჩეს

მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანია პირველი ორი წლის განმავლობაში აბონენტებს წელიწადში 100-100 ათასი ლარის ოდენობის თანხით მოემსახურება. ამასთან, კომპანია ვალდებულია ამ დროის განმავლობაში აბონენტებს MagtiFix-ის ალტერნატივა შესთავაზოს.

„ჩვენი ვარაუდით, ორი წელი საკმარისია იმისთვის, რომ არსებულმა მომხმარებლებმა „მაგთიკომის" ეს სერვისი ჩაანაცვლონ სხვა სერვისებით", – განაცხადა ბექაურმა.

CDMA – კავშირგაბმულობის ტექნოლოგიაა, ჩვეულებრივ, რადიოკავშირის, რომლის დროსაც გადაცემის არხებს აქვს სიხშირის საერთო ხაზი, მაგრამ სხვადასხვა კოდირებული თანმიმდევრობა. ყოფით დონეზე განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფიჭური მობილური კავშირის გამოჩენის შემდეგ.