საქართველოს ხელბურთის ნაკრები IHF ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

ქართველ ხელბურთელთაგან ყველაზე კარგი შედეგი გიორგი ცხოვრებაძემ აჩვენა.
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა თბილისში მიმდინარე IHF ახალგაზრდა სახელმწიფოთა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე აშშ-ის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 28:22 და ამ მოგებით ნახევარფინალში გადასვლა უკვე გაინაღდა.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გიორგი ცხოვრებაძე აღმოჩნდა. მან მეტოქის კარში ცხრა ბურთი გაიტანა. ოთხ-ოთხი ბურთია ირაკლი ჩიქოვანისა და თეიმურაზ ორჯონიკიძის ანგარიშზე.

საქართველოს ხელბურთის ნაკრები IHF ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

ამ წარმატების წყალობით ქართველმა ხელბურთელებმა ტურნირის ნახევარფინალში თამაშის გარანტია მიიღეს, სადაც საქართველოს ნაკრების გარდა დროზე ადრე კიდევ ორი გუნდი მოხვდა – ბულგარეთისა და კუბის ნაკრებები. ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

საქართველოს ნაკრებისთვის აშშ-ზე გამარჯვება ტურნირზე მეოთხე წარმატებული ასპარეზობაა. პირველ დღეს ნიკოლა მაქსიმოვიჩისა და ბექარ ორჯონიკიძის გუნდმა ნიგერია 27:14 დაამარცხა, შემდეგ მალტა - 39:13, მესამე ტურში კი ირლანდია - 37:17.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე შოტლანდიას მოუგო

ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს, 13 ივნისს საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებები ერთმანეთს შეხვდებიან და B ჯგუფის გამარჯვებულს გამოავლენენ.

ახალგაზრდა სახელმწიფოთა ტურნირი IHF ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მესამედ იმართება. მსგავსი ჩემპიონატების მიზანია ხელბურთის განვითარება და პოპულარიზაცია ისეთ ქვეყნებში, სადაც სპორტის ეს სახეობა ფართოდ არ არის გავრცელებული.