თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას წარუდგინა ჰიპოპოტამ „ბეგის“ ძეგლის ესკიზები, რომელიც მომავალში გმირთა მოედანზე განთავსდება.
მერიამ ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზების კონკურსი 3 აპრილს გამოაცხადა, მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. კონკურსში სულ 14 პროექტია წარმოდგენილი. გამარჯვებულს თბილისის სპეციალური კომისია გამოავლენს და მისი ქანდაკება გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. საერთო ღირებულება ავტორის ჰონორარის ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს 90 ათას ლარს.
თბილისში ხუთშაბათს აღნიშნეს წლისთავი ტრაგიკული წყალდიდობიდან, რომელმაც 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ასევე თამაზ ელიზბარაშვილის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის და თბილისის ზოოპარკის ათობით ბინადარი.
ბეგი - ეს ის ბეჰემოტია, რომელიც სტიქიას გადაურჩა და ტრაგედიიდან მეორე დღეს გმირთა მოედანზე სეირნობდა.
მაშინ ბეგის ფოტოები მთელს მსოფლიოში გავრცელდა. სოციალურ ქსელში გაჩნდა მოწოდება - ჰიპოპოტამი გახდეს თბილისის სიმბოლო. ასე იქცა ბეგი ხელოვნების მოღვაწეების და მოხალისეების ერთგვარ სიმბოლოდ. სწორედ ამიტომ თბილისის მერიამ ეს ცხოველის უკვდავყოფა გადაწყვიტა.
2015 წლის 13 ივნისის ღამეს მდინარე ვერეს ხეობაში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც მიწით, ქვებითა და ხეებით სავსე წყლის დიდი მასა ღამის თბილისში შემოიჭრა. დაიტბორა ქალაქის ცენტრი. სტიქიური უბედურების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.
„2015 წლის 13 ივნისი ყველას გვახსოვს, რამდენად მძიმე იყო. რთულია ახლა ყველაფრის სიტყვით გადმოცემა, რამდენად უძლურები ვიყავით ბუნების წინაშე და რამდენად რთული და მძიმე იყო იქ არსებული სიტუაცია. სამწუხაროდ, დავკარგეთ ადამიანები და ჭრილობებს, ტკივილს, რომელიც გვაქვს, ვერაფერი მოაშუშებს. ამას უბრალოდ ვეგუებით ადამიანები“,– განაცხადა კახა კალაძემ ჭაბუა ამირეჯიბის გამზირზე 13 ივნისის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან.
თბილისის მერის თქმით, ტრაგედიის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მსგავსი ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისთვის ბევრი რეკომენდაციაა მიღებული.
„რაც შეეხება სამუშაოებს, იყო რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თუ რა უნდა გაკეთებულიყო – ეს იყო განგაშის სისტემა, რომელიც დამონტაჟდა, ასევე, ცხაურები კონკრეტულ ლოკაციებზე, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა. რა რეკომენდაციებიც გაიცა, ყველაფერი შესრულდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ეკოლოგების დადებითად აფასებენ მდინარე ვერეს კალაპოტში დამონტაჟებულ განგაშის სისტემას - მათი თქმით, თუ ის არ გამორიცხავს წყალდიდობის განმეორებას, ნებისმიერ შემთხვევაში მასშტაბებს მაინც შეამცირებს.
უხვი ნალექის დროს განგაშის სისტემა მოქმედებაში მოდის და ტრანსპორტის მოძრაობა იკეტება, აგრეთვე საფრთხის შესახებ მიმდებარე ტერიტორიების მცხოვრებლებს აფრთხილებს.
საქართველოს ეკოსისტემა საფრთხეშია – რა რისკების წინაშე დგას ქვეყანა >>
თუმცა, ეკოლოგები შეშფოთებული არიან იმით, რომ მსგავსი დაკვირვება ხორციელდება მხოლოდ მდინარე ვერეზე, მაშინ როდესაც თბილისში არის უამრავი სხვა მცირე მდინარე, რომელიც ასევე რიკის შემცველია.
14 ივნისის ღამეს პირველი დარტყმა საკუთარ თავზე სვანიძის ქუჩაზე თამაზ ელიზბარაშვილის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარმა მიიღო, სადაც უამრავი ძაღლი და 10 დათვი ცხოვრობდა. თავშესაფრის თანამშრომლებმა ცხოველების გადასარჩენად ყველაფერი იღონეს, მაგრამ წყლის დიდი ნაკადის გამო მათ ყველა ცხოველის გადარჩენა ვერ შეძლეს. წყლის დონე უფრო და უფრო მატულობდა, რის გამოც სვანიძის ქუჩის მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლები გაუნადგურდა.
მდინარე ვერეს ადიდებას ემსხვერპლა ასევე ადამიანები, რომლებიც ახალ შემოვლით გზაზე იმყოფებოდნენ. ათობით ავტომობილი დაზიანდა და განადგურდა. ყველამ ვერ შეძლო ავტომობილის დატოვება. ამ დროს წყალი გაუჩერებლად მიედინებოდა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა „მზიურსაც“ და თბილისის ზოოპარკსაც, სადაც ბევრი ცხოველი დაიღუპა, ნაწილმა კი ვოლიერიდან გამოღწევა შეძლო და ქალაქის ქუჩებში გამოვიდა.
წყალდიდობის ბოლო წერტილი გმირთა მოედანი და მიმდებარე ტერიტორია იყო, ასევე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ნაწილი. წყალმა გაანადგურა ქალაქის ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საკომუნიკაციო სისტემები. წყალდიდობის შედეგად 200-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა.