ქართული ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება" პერუში ფესტივალზე საუკეთესო ფილმად აღიარეს

ფილმმა ორი ქისტი გოგონას ცხოვრების შესახებ „დოკუმენტური კინოს" კატეგორიაში გაიმარჯვა.
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ქართველი რეჟისორის მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება" კინოფესტივალის Festival de cine Este პრიზიორი გახდა. ფესტივალი პერუში 29 მაისიდან 8 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სურათმა პრიზი მიიღო „საუკეთესო დოკუმენტური ფილმის“ კატეგორიაში. სულ გამარჯვებისთვის ამ ნომინაციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათი ფილმი იბრძოდა.

ფილმი „საქართველო - ღვინის სამშობლო" საფრანგეთის პრესტიჟულ ფესტივალში მონაწილეობს

მარიამ გულბიანი კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პროექტ „კინოსკოლის" გამარჯვებულია. „კინოსკოლის" ფარგლებში ახალგაზრდებს საქართველოს სასაზღვრო სოფლებიდან მიეცათ შესაძლებლობა, გაეგოთ თანამედროვე ქართული კინემატოგრაფიის შესახებ, ეთანამშრომლათ ცნობილ რეჟისორებთან და თვითონ დაეწერათ სცენარი.

Festival de cine Este – ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც იმართება არგენტინაში, საფრანგეთსა და პერუში. კინოფესტივალის ძირითადი მიზანია ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების კინოკულტურის გავრცელება ევროპასა და ლათინურ ამერიკაში.

ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება" ორი ქისტი გოგონას ისტორიას მოგვითხრობს. ისინი პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალში ცხოვრობენ.

ქართული ფილმის წარმატება – „მოსავალმა" კორეაში ჯილდო დაიმსახურა

მათი მამები საზღვარგარეთ წავიდნენ და ოჯახებს იშვიათად უკავშირდებიან. ამაზე გარშემო ყველა ჩურჩულით ლაპარაკობს. ერთადერთი თავისუფალი სასაუბრო ადგილი გოგონებისთვის არის კინოს გაკვეთილები, რომელსაც ისინი პროექტ „კინოსკოლის" ფარგლებში ესწრებიან.

ფილმი გადაღებულია პანკისის ხეობაში, არის საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის კოპროდუქცია.

ფილმი კინოცენტრის დახმარებით შეიქმნა. მისი მსოფლიო კინოპრემიერა დიდ ბრიტანეთში დოკუმენტური კინოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ, შეფილდის ფესტივალზე შედგა.