მსოფლიო დღეს

ცნობილი ხდება ომანის ყურეში გადარჩენილი ქართველი მეზღვაურის მდგომარეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მუდმივ კავშირზეა როგორც მეზღვაურის ოჯახთან, ისე დამსაქმებელ კომპანიასთან.
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ომანის ყურეში, სადაც ორ ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა, ეკიპაჟის გადარჩენილ წევრთა შორის ქართველი მეზღვაურიც იმყოფებოდა, იუწყება სააგენტო Новости Грузия ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

ომანის ყურეში ტანკერებს დაესხნენ თავს: ბორტზე ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, თავდასხმა ნორვეგიის დროშით მცურავ Front Altair-სა და პანამურ Kokuka Courageous-ზე მოხდა. ირანის შესაბამისმა სამსახურებმა 44 მეზღვაური გადაარჩინეს და საკუთარ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ნორვეგიული გაზეთი VG-ს ინფორმაციით, Front Altair-ზე საქართველოს, რუსეთისა და ფილიპინების მოქალაქე მეზღვაურები იმყოფებოდნენ.

„შეტყობინების მიღებისთანავე გადავამოწმეთ ინფორმაცია დამსაქმებელ კომპანიასთან. საქართველოს მოქალაქე მხოლოდ ერთ ხომალდზე ფიქსირდება. მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, — აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

მათი თქმით, სააგენტო მუდმივ კავშირზეა როგორც მეზღვაურის ოჯახთან, ისე დამსაქმებელ კომპანიასთან.

უწყების განცხადებით, ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქე მეზღვაური სასტუმროში გადაჰყავთ. თუმცა კონკრეტულად რომელ ქალაქში იმყოფება იგი, არ კონკრეტდება.

აღსანიშნავია, რომ ომანის ყურეში მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ ლიბანურმა ტელეარხმა Al-Mayadeen-მა, წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ Front Altair-ი ჩაიძირა. ამასთან, ეს ინფორმაცია უარყო „როიტერმა“ და აღნიშნა, რომ ხომალდი ჯერ ისევ იწვის.

ამ დროისათვის თავად ომანის ხელისუფლება მხოლოდ ნორვეგიულ ტანკერზე თავდასხმის ფაქტს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ინციდენტი ირანის ტერიტორიულ წყლებში მოხდა.

ფაქტის გამოძიებაში უკვე ჩაერთო ორგანიზაცია „დიდი ბრიტანეთის საზღვაო-სავაჭრო ოპერაციები“ (UKMTO).