თბილისში „პარაორკესტრის“ კონცერტი გაიმართება

„პარაორკესტრის“ პროგრამაშია მსოფლიო ხალხთა პოპულარული მელოდიები.
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 14 ივნისს კონცერტს გამართავს „პარაორკესტრი", რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შემსრულებლებისგან შედგება.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ცნობილი ქართველი მუსიკოსები – სალომე კორკოტაშვილი, დათუნა ალადაშვილი, დათო ერგემლიძე, ლევან კემულარია და სხვ.

თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში შშმ პირთათვის ლიფტები დამონტაჟდება

„პარაორკესტრის“ პროგრამაშია მსოფლიო ხალხთა პოპულარული მელოდიები. გარდა ამისა, კონსერვატორიაში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ღონისძიებაზე შეგროვილი თანხა გადაირიცხება Music Therapy Center-ში, რომელიც შშმ ბავშვებსა და მოზარდებს ეხმარება, და მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენას და ცენტრის განვითარებას მოხმარდება.

„პარაორკესტრი" 2014 წელს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა ხიდმა" შექმნა, რომელიც დიდი ხანია მუსიკოთერაპიის პრაქტიკას მისდევს. ამ კოლექტივის საქმიანობა ფონდ „ნატვრის ხის" მხარდაჭერით დაიწყო, მოგვიანებით პროექტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროც შეუერთდა.

პირველი კონცერტი ორკესტრმა „მოძრაობის თეატრის" სცენაზე 2014 წლის 2 აპრილს გამართა. მას შემდეგ მუსიკოსები მრავალ კონცერტსა და სატელევიზიო შოუში გამოვიდნენ.