საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე შოტლანდიას მოუგო

საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოს რაგბის ახალგაზრდულმა ნაკრებმა შოტლანდიის გუნდი ანგარიშით 17:12 დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონატზე (U-20), რომელიც არგენტინაში მიმდინარეობს.

შოტლანდიელებმა უპირატესობა თამაშის პირველივე წუთებზე მოიპოვეს და მალევე შეტევა ბურთის დამიწებით დაასრულეს. თავი გამოიჩინა ევან აშმანმა, გარდასახვა კი როს ტომფსონმა შეასრულა.

ასეთი დასაწყისის მიუხედავად, ილია მაისურაძის გუნდის წევრებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ, მეტიც, მათ თავდაცვა გააძლიერეს და მეტოქეს ხაზთან მიახლოების შესაძლებლობა აღარ მისცეს. შედეგად, შეხვედრის პირველი ტაიმი დასრულდა ანგარიშით 7:0 შოტლანდიის სასარგებლოდ.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე შოტლანდიას მოუგო

მეორე ტაიმი ქართველმა რაგბისტებმა სრულიად სხვა შემართებით დაიწყეს. ანგარიშში სხვაობა მაისურაძის გუნდის წევრებმა რამდენიმე წუთში, თედო აბჟანდაძის ზუსტი საჯარიმოს წყალობით შეამცირეს.

თუმცა, ათ წუთში კვლავ თავი გამოიჩინა ევან აშმანმა, რომელმაც მეორე ლელო დაამიწა. თუმცა შოტლანდიელების გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა - ტომფსონმა მიზანს ააცილა. ანგარიში გახდა 3:12.

საქართველოს ნაკრებმა თამაშის შემობრუნება მეორე ტაიმის შუა წუთებში შეძლო. შესანიშნავი კომბინაცია ლელოთი დააგვირგვინა აბჟანდაძემ და თავადვე შეასრულა გარდასახვაც. ანგარიშში სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა – 10:12.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე შოტლანდიას მოუგო

მატჩის ბედი ფინალამდე ექვსი წუთით ადრე გადაწყდა. შოტლანდიელებმა უხეში შეცდომა დაუშვეს ე.წ. დერეფნის შესრულებისას და ბურთი პირდაპირ ლუკა ნიორაძეს ჩაუგდეს ხელში. ქართველმა რაგბისტმა ლელოს დამიწება მოახერხა. გარდასახვა კვლავ აბჟანდაძემ შეასრულა და საბოლოო ანგარიში - 17:12 - დააფიქსირა. 

შოტლანდიაზე გამარჯვება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის პირველი გახდა მიმდინარე ტურნირზე. პირველ თამაშში „ბორჯღალოსნები“ ახალ ზელანდიასთან ანგარიშით 13:45 დამარცხდნენ, მეორე მატჩში კი - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან ანგარიშით 20:48. შოტლანდიასთან გამარჯვების შემდეგ ქართველმა რაგბისტებმა გაინაღდეს მესამე ადგილი „C” ჯგუფში. 

იმის შესახებ, ვის შეხვდება საქართველო ფლეი-ოფში, მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც სამივე ჯგუფის მატჩები დასრულდება.

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში 12 გუნდი მონაწილეობს. ისინი სამ ჯგუფში არიან გადანაწილებული. ნახევარფინალში გადიან თითოეული ჯგუფის გამარჯვებული გუნდები და მეორე ადგილზე გასული გუნდებიდან საუკეთესო.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის მიმდინარე ჩემპიონატი ზედიზედ მეოთხეა. პირველ ორ ტურნირზე - 2016 და 2017 წლებში - ქართველებმა თითო გამარჯვება მოიპოვეს, რამაც მათ მსოფლიო ელიტაში ადგილი შეუნარჩუნა. შარშან „ბორჯღალოსნებმა“ გაცილებით უკეთ იასპარეზეს - სამჯერ გაიმარჯვეს და შედეგად მეცხრე ადგილზე გავიდნენ.