ჭელიძე: „მეტრომანის“ ბარათებით 136 ათასი ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტი გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძე ბრიფინგზე კიბერდანაშაულზე საუბრობს.
Sputnik

„დანაშაულებრივი ჯგუფი მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოქმედებდა და კომპანია „მეტრო სერვის+“-ს ქონებრივ ზიანს აყენებდა. დაკავებულები აღნიშნული კომპანიის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ აღწევდნენ და „მეტრომანის“ ბარათებზე თანხებს ვირტუალურად ასახავდნენ. შემდგომ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ბარათს დროებით სარგებლობაში გადასცემდნენ სხვადასხვა პირს – ძირითადად ტურისტებს, რომლითაც ისინი მგზავრობის ღირებულებას იხდიდნენ. დაკავებულია ექვსი პირი“, – აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.

ჭელიძის განმარტებით, ხელოვნურად ასახული თანხების ოდენობამ, 2019 წლის დასაწყისიდან დაკავების მომენტამდე, 136 ათასი ლარი შეადგინა.