ისრაელიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია: საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება

მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისრაელის სხვადასხვა ქალაქში საქართველოს მოქალაქეების დაკავება და დეპორტაცია მიმდინარეობს
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას ისრაელში ქართველების მასობრივი დაკავების შესახებ, იუწყება Новости-Грузия უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ოთხშაბათს ქართულმა ტელეკომპანია Rutavi2-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ისრაელის სხვადასხვა ქალაქში თითქოსდა ერთდროულად ჩატარდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების მასშტაბური სპეცოპერაცია. ტელეარხის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ ისრაელის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება, ციხეებში გადაჰყავთ.

„ისრაელში არ მომხდარა ქართველების მასობრივი დაკავება. ისრაელის მიგრაციის სამსახური მუდმივად ამოწმებს უცხოელებს, რომლებიც ისრაელში იმყოფებიან. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მათ არ აქვთ ისრაელში ყოფნის ლეგალური საფუძველი, ხდება მათი დეპორტაცია. მსგავსი რამ განხორციელდა საქართველოს მოქალაქეთა მიმართაც. მათ არ ჰქონდათ ისრაელში ლეგალურად ყოფნის უფლება და, შესაბამისად, დეპორტაციას დაექვემდებარენ“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო საშიში ქვეყანაა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის

უწყების მონაცემებით, ისრაელის მიგრაციის სამსახურის სადეპორტაციო ცენტრში საქართველოს 24 მოქალაქე იმყოფება, 12 მათგანს უკვე აქვს სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთი და მათთვის ცნობილია დეპორტაციის თარიღი. დანარჩენი 12 მოქალაქისთვის დასაბრუნებელ ბილეთებს მიმდინარე კვირის ბოლომდე შეიძენენ, აღნიშნეს სამინისტროში.

„ეს მოქალაქეები ისრაელის სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა დროს დააკავეს და მასობრივი დაკავება არ ყოფილა“, - ხაზი გაუსვეს უწყებაში.

2017 წლის თებერვალში ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რითაც აღიარა, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ემუქრება დევნის საფრთხე რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, სოციალური კუთვნილებისა თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო. შესაბამისად, რეალური მიზეზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ აძლევენ.

საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ისრაელში გასამგზავრებლად საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ უცხოური პასპორტები, სასტუმროს ჯავშანი ან ნათესავების მისამართი, სადაც ისინი აპირებენ ცხოვრებას, დაზღვევა, ცხოვრებისთვის აუცილებელი თანხა და ბილეთი ორივე მიმართულებით.

საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ზომები მიიღო იმისათვის, რომ არ დაუშვას არალეგალური მიგრაცია ევროკავშირის ქვეყნებში. ამიერიდან ყველა ხარჯი, დაკავშირებული ადამიანის რეადმისიასთან, მას თავად დაეკისრება. გარდა ამისა, გამკაცრდა გვარის შეცვლის პროცედურა.

პარლამენტი მუშაობს ასევე იმაზე, რომ სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახადოს უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეთა უკანონო ყოფნის ხელშეწყობა ფინანსური თუ სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით.