30 მილიონი ლარის ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების საქმეზე 3 პირი ამხილეს

დღგ-ის ყალბი აქტივებით 30 მილიონის შეგროვება მოახერხეს.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 30 მილიონი ლარის ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის გამოყენების საქმეზე სამი პირი ამხილა. ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. 

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მებაჟე ოფიცერი დააკავეს

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაარეგისტრირეს კომპანიები, რის შემდეგაც დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები.

უწყების ინფორმაცით, თითქოსდა ხდებოდა სხვადასხვა დასახელების საქონლის მიწოდება, რა გზითაც ხელოვნურად შეიქმნეს ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში. ეს აქტივი შემდგომში გამოიყენეს მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებებისა და საქართველოში იმპორტირებული საქონლის განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების გადახდისათვის.

საგამოძიებო სამსახურმა 4 ათასზე მეტი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო >>>

ბრალდებულების მიერ ფიქტიურად შექმნილი აქტივის ოდენობა 30 მილიონ ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.