დასახელდა ყველაზე საშიში მწერები საქართველოში

სპეციალისტმა ყველაზე საშიში მწერები და მათი ნაკბენებისგან თავდაცვის მეთოდები დაასახელა
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ზაფხულში ყველაზე სახიფათოა სამი სახეობის მწერი, რომელიც ავრცელებს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ლეიშმანიოზი, მალარია და ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, განაცხადა პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.

ბინადრობენ თუ არა თბილისში შხამიანი გველები

იმნაძის თქმით, მთელ საქართველოში გავრცელებულია მალარიის გადამტანი კოღოები. ქვეყანაში გავრცელებული კიდევ ერთი მწერი - ფლებოტომუსი, რომელიც ქინქლას ჰგავს და ძალიან პატარა ზომისაა.

„ფლებოტომუსი - მწერია, რომელსაც ლეიშმანიოზის გადატანა შეუძლია. ეს, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოს პრობლემაა. დაავადების გადამტანი მწერები, ძირითადად, საღამოობით დაფრინავენ“, - განაცხადა იმნაძემ.

კიდევ ერთი საშიში მწერი, რომელსაც ზაფხულში ვხვდებით - ტკიპაა. მას გადააქვს ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც სამცხე-ჯავახეთში არის გავრცელებული.

იმნაძის თქმით, ყველა ტკიპას არ შეუძლია ადამიანის დაინფიცირება. საშიშია მხოლოდ ინფიცირებული ტკიპები.

„პანიკური შიშია ამ ტკიპების მიმართ, რა თქმა უნდა, ყურადღებით უნდა ვიყოთ. ბავშვი იქნება თუ დიდი, გარედან დაბრუნდება, ბალახებში იარა, უნდა დავათვალიეროთ, რომ ტანზე სადმე ტკიპა არ ჰქონდეს მიკრული. თუ სადმე ვნახავთ ტკიპას, ის საკმაოდ დიდი სიფრთხილით უნდა მოშორდეს, რომ საცეცები ადამიანის სხეულში არ ჩატოვოს. მისი მოშორება ხელით არ შეიძლება“, - აღნიშნა იმნაძემ.

სხეულიდან ტკიპას მოსაშორებლად საჭიროა ხელთათმანებისა და პინცეტის გამოყენება.

მესაქონლეობით დაკავებულმა ადამიანებმა ცხოველებიდან ტკიპა ხელით არ უნდა მოაშორონ, ხაზგასმით აღნიშნა იმნაძემ.

სპეციალისტის თქმით, ბუნებაში საჭიროა რეპელენტების გამოყენება, ბავშვებს კი დახურული ტანისამოსი უნდა ეცვათ.

იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა გაასუფთავებს არხებს სახლების წინ, წყალი არ ჩაგუბდება, იმოძრავებს და კოღოები არ გამრავლდებიან.