ბინადრობენ თუ არა თბილისში შხამიანი გველები

შხამიანი გველი დედაქალაქში მხოლოდ შეიძლება მოხვდეს ავტომობილით, რომელსაც ხის ან სხვა სამშენებლო მასალა გადააქვს
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. თბილისში შხამიანი გველები არ არიან, განაცხადა პრესკონფერენციაზე სამშაბათს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგმა შოთა ზანდუკელმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ფოტო და ინფორმაცია ვრცელდება თბილისში შხამიანი ქვეწარმავლების არსებობის შესახებ, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.

„რაც შეეხება დედაქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს, მათ შორის კუს ტბასა და ლისის ტბას, ასევე გარეუბნებს, იქ მხოლოდ უწყინარი გველხოკერები და ქვეწარმავლები არსებობენ, რომელთაც შხამი არ გააჩნიათ და ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ", - განაცხადა ზანდუკელმა.

მან განმარტა, რომ შხამიანი ქვეწარმავლები ქალაქში მხოლოდ ავტომობილების საშუალებით შეიძლება მოხვდნენ, მაგალითად, სამშენებლო მასალების ტრანსპორტირების დროს.

ქუთაისში მიმავალ მანქანას გველი ააცოცდა - ვიდეო

ჰერპეტოლოგის თქმით, შხამიანი გველების პოპულაცია თბილისიდან მოშორებით, მათთვის ბუნებრივ არეალში მიმდინარეობს.

ზანდუკელმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ გველის დანახვისას.

ზანდუკელი აღნიშნავს, რომ, პირველ რიგში, ქვეწარმავალთან შეხვედრის დროს ის გაქცევას ცდილობს, თუმცა, არის მომენტები, როცა ის ფიქრობს, რომ ადამიანი მას ვერ ხედავს და გაუნძრევლად წევს. ასეთ დროს მასთან მიახლოება არ ღირს.

ჰერპეტოლოგი ამბობს, რომ არ არის საჭირო გველის დაჭერა, მისი შეშინება, მოკვლა. სწორედ ამ დროს, თავდაცვისას შეუძლია გველს კბენა. კბენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ სამედიცინო ცენტრს.

ზანდუკელმა მოუწოდა მოსახლეობას, თუ ქვეწარმავალს შენიშნავენ, დარეკონ ცხელ ხაზზე 0322 424 424 და სპეციალისტები ადგილზე მივლენ.

გველების მოყვარული „არანორმალური“ ალისა და მისი ეგზოტიკური ბინადრები>>

საქართველოში 30 სახეობის გველი ბინადრობს, მათგან შხამიანი ოთხია — გიურზა, დინიკის გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, კავკასიური გველგესლა. თბილისში გველის 12-მდე სახეობა ბინადრობს.

სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ ეზოების გაწმენდას სამშენებლო მასალებისა და ნარჩენებისგან და ბალახის მოთიბვას, რათა გველებმა ბუდეების გაკეთება ვერ შეძლონ.