თავსხმა წვიმა და ქარი თბილისში - საგანგებო სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

გასულ ღამეს თბილისში ზოგიერთ სახლში პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. ძლიერი წვიმის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით სულ 115 შეტყობინება დაფიქსირდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

შეტყობინებების უმრავლესობა ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებიდან შემოვიდა. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა რამდენიმე ხე და ტოტი, რამაც გამოიწვია გზის ჩახერგვა. წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, სახლების პირველი სართულები და სარდაფები. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, ძლიერი წვიმა იყო შიდა ქართლშიც.

თავსხმა წვიმა და ქარი თბილისში - საგანგებო სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

„რეგიონის მასშტაბით სულ 25 შეტყობინება შემოვიდა. ძირითადად დატბორილი იყო ქუჩები, სახლების პირველი სართულები და ეზოები. ყველა მათგანზე მოხდა რეაგირება. გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში ძლიერი წვიმის შედეგად გზაზე ჩამოშალა ქვიშა. შესაბამისი სამსახურების მიერ გზის სავალი ნაწილი უკვე გაიწმინდა“, – აცხადებენ უწყებაში.