თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, იუწყება პირველი არხი შსს-ზე დაყრდნობით.
ბრალდებული 1998 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 6 ივნისს, ლანჩხუთში, კოსტავას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1999 წელს დაბადებულ ლ.ფ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი ლ.ფ. საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ამხილეს, მოგვიანებით კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში, ნათესავის საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.