ათეულობით მილიარდი საგარეო ვალი – ვისი და რამდენი მართებს ქვეყანას

რამდენია საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, როგორია სახელმწიფო და კერძო სექტორების ხვედრითი წილი, ვინ არიან ქვეყნის მსხვილი კრედიტორები და ვალდებულებების გასტუმრებას რა გავლენა აქვს ეროვნული ვალუტის კურსზე?
Sputnik

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიაში თქვენს ყურადღებას საქართველოს საგარეო ვალსა და ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირებაზე მისი გავლენის საკითხზე გავამახვილებ. არავინ უარყოფს, რომ ლარის ავადობა ჩვენი დროების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, ირკვევა, რომ ქვეყნის საგარეო ვალი, არც მეტი არც ნაკლები, 17.7 მილიარდი დოლარია. განმარტებისათვის: მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს სახელმწიფო და კერძო სექტორის ჯამურ სასესხო ვალდებულებას.

გასული წლის ბოლოს სახელმწიფო საგარეო ვალმა სულ 7.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. კერძო სექტორის საგარეო ვალდებულება კიდევ უფრო მეტია და ის 10 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მთლიანი საგარეო ვალის 90.0 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

ევროპარლამენტში არჩევნები დასრულდა – რა ელოდება საქართველოს

ვინ არიან საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები? პირველ სამეულში გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციებს ვხედავთ. ლიდერობს აზიის განვითარების ბანკი, რომლის მიმართ საქართველოს ვალი 1 139 მილიონ დოლარს აღემატება. მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის 1 030 მილიონ დოლარზე მეტი გვმართებს, ხოლო აზიის განვითარების ბანკის მიმართ დავალიანება 893,3 მილიონი დოლარია.

მარტივი არითმეტიკული გათვლებით, ბოლო სამ წელიწადში საგარეო ვალი 12 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ როგორც ანალიტიკოსები მიანიშნებენ, გაცილებით მნიშვნელოვანია, თუ როგორია ვალისა და მთლიანი შიდა პროდუქტის თანაფარდობა. მათი განმარტებით, მთლიან შიდა პროდუქტზე მეტი ვალი არასასურველია და რეკომენდებულიც არ არის, თუმცა არ არის კატასტროფული შედეგის მომტანი. ზოგიერთი ქვეყნის საგარეო ვალის ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 500 პროცენტსაც კი აღწევს. რაკი საერთაშორისო გამოცდილებას შევეხე, მოგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საგარეო ვალის ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 115 პროცენტია. რაც შეეხება ბებერი კონტინენტის ქვეყნებს, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვიპროსშია − 597 პროცენტი, მომდევნო პოზიცია კი ნიდერლანდებს უკავია 522 პროცენტით. დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 313 პროცენტია, შვეიცარიაში − 269 პროცენტი, საბერძნეთში − 228 პროცენტი, საფრანგეთში − 213 პროცენტი, გერმანიში − 143. არიან ქვეყნები, რომელთა საგარეო ვალი გაცილებით ნაკლებია. მაგალითად, ინდონეზიასა და ტაილანდში მისი მაჩვენებელი 33 პროცენტია, ისეთ ქვეყნებში კი, როგორიცაა სოლომონის კუნძულები, პრაქტიკულად ნულს უტოლდება... საგარეო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის უკრაინა ლიდერობს 122 პროცენტით, თურქეთში 53 პროცენტია, სომხეთსა და მოლდოვაში − 97 პროცენტი, აზერბაიჯანში − 21.8  პროცენტი. საკმარისია ჩამოთვლილ ქვეყნებში ცხოვრების დონეს გადავხედოთ და ძალიან მარტივად დავრწმუნდებით, რომ სახელმწიფო საგარეო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი ფაქტორია.

რა ვქნათ თუ ლარის რყევა „ჯიბეს ურტყამს"

საქართველოში 2018 წელს ეს მაჩვენებელი 109 პროცენტს შეადგენდა, მაგრამ ვეჭვობ ვინმემ დაიკვეხნოს, რომ ჩვენი ეკონომიკა თავისი ზრდის ტემპებით გაეჯიბრება ქვეყნებს, სადაც ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია...

ერთი სიტყვით, მხოლოდ საგარეო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობით ან მისი მაღალი მაჩვენებლით დასკვნების გამოტანა არასწორია. ყველა სახელმწიფო საკუთარი მოთხოვნილებიდან გამოდის. ბუნებრივია, რაც უფრო მაღალია ვალის სიდიდე, მით უფრო მეტი თანხაა გასასტუმრებელი, მაგრამ, როგორც წესი, სახელმწიფო საგარეო ვალის დიდი ნაწილი გრძელვადიანი და თანაც დაბალპროცენტიანი.  

მეორე და კიდევ უფრო აქტუალური საკითხი – მოქმედებს თუ არა საგარეო ვალი სავალუტო კურსზე? ანალიტიკოსების შეფასებით, ქართული ეკონომიკის მთავარ პრობლემად დღეს ჯერ კიდევ მაღალი საგარეო მოწყვლადობა ითვლება...

ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე: „მაღალი დოლარიზაციის პირობებში სავალუტო კურსზე მოქმედებს, ერთი მხრივ, იმპორტის დაფინანსება და, მეორე მხრივ, საგარეო ვალი. იმპორტის დაფინანსებისგან განსხვავებით, რაც პერიოდულად აქ ლარში რეალიზებული საიმპორტო საქონლის უცხოურ ვალუტაში კონვერტაციით, ანუ უცხოური ვალუტის გადინებით ხდება, საგარეო ვალს განსხვავებული დატვირთვა აქვს. მაგალითად, როდესაც ვალი მიემართება ინფრასტრუქტურული პროექტების ან კაპიტალური აქტივების დაფინანსებისკენ, მას აქვს გრძელვადიანი საინვესტიციო ხასიათი და, ბუნებრივია, სავალუტო კურსზეც სწორედ კონკრეტულ პერიოდში ვალუტის შემოდინება-გადინების ეფექტი ახდენს ზეგავლენას. თუ თვალს გადავავლებთ საქართველოს საგარეო ვალის სტრუქტურას, დავინახავთ, რომ ვალის მნიშვნელოვანი ნაწილი გრძელვადიანია, რასაც გაცილებით დადებითი ეფექტი აქვს, ვიდრე მოკლევადიან ვალს, რადგან მისი გასტუმრება არა ერთბაშად, არამედ წლების განმავლობაში ნაწილ-ნაწილ და უფრო დაბალ პროცენტში ხდება...“

პოლიტიკური „კუწურიეს“ დაწუნებული სამოსი, ანუ „ოცნება“ ისევ მოდაშია?

რაც შეეხება ვალის დაფარვას, მიმდინარე წელს გადასახდელია 3.9 მილიარდი ამერიკული დოლარი. გრაფიკით, ბოლო ორ კვარტალში 1.88 მილიარდი, ანუ 143 მილიონით ნაკლები უნდა გავისტუმროთ, ვიდრე წლის პირველ ნახევარში. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, თუ დავუშვებთ, რომ, სხვა საგარეო ფაქტორებთან ერთად, ვალის დაფარვის სავარაუდო ზეგავლენა ლარის კურსზე უკვე აისახა, წლის დარჩენილ პერიოდში მისი ზეგავლენა გაცილებით ნაკლები იქნება. გავითვალისწინოთ, რომ ვალის ნაწილის გადახდა ქვეყანას ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ მოუწევს. ტურისტული სეზონის ზეგავლენა სავალუტო ბალანსზე რომ მნისვნელოვანია, მიმდინარე წლის მონაცემებიც ადასტურებს – გასულ წელთან შედარებით 18 პროცენტით არის გაზრდილი, რაც ამცირებს საგარეო შოკების ზეგავლენას სავალუტო კურსზე. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2020 წელს ზეგავლენა კიდევ უფრო ნაკლები იქნება – წლის განმავლობაში გასასტუმრებელი 2.55 მილიარდი დოლარი იქნება. ასე რომ, ლარის პოტენციური რყევის მიზეზები საგარეო ვალის გასტუმრებაში არ უნდა ვეძიოთ.