თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ბაკურიანში შემოვლითი გზის მშენებლობა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებაში.
ბაკურიანში ხშირად ჩნდებოდა „საცობები", რაც ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს პრობლემებს უქმნიდა. სამკილომეტრიანი გზის მშენებლობა ამ პრობლემას სრულად მოაგვარებს, აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ პირველ არხს განუცხადა, შემოვლითი გზის მშენებლობის სამუშაოები სექტემბრამდე დასრულდება.
ბაკურიანში ასევე მიმდინარეობს მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და დიდველი პარკინგის გაფართოება. მომავალში დაგეგმილია დაბისთვის სხვა პროექტების განხორციელებაც.
„დაგეგმილია ბაკურიანისთვის სპეციალური ტრანსპორტის შეძენა, ბაკურიანის ურბანული განახლება, სატრანსპორტო გეგმის შემუშავება, ავტოსადგომის, ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობა, ასევე ბაკურიანის რეკრეაციული პარკის რეაბილიტაცია", - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
აღნიშნული პროექტის საერთო ღირებულება 15 მილიონი ლარია.