არც ფეხით, არც ცხენით: ტურისტებს თუშეთში წასვლას არ ურჩევენ

თუშეთისკენ მიმავალი გზის მონაკვეთები წყალმა წაიღო
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს დაცული ტერიტორიების თუშეთში მოგზაურობის მსურველებს აფრთხილებს, რომ საავტომობილო გზის გახსნამდე, ფეხით, ან ცხენით, თავი შეიკავონ ტერიტორიაზე სტუმრობისგან, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე ტრანსპორტის მოძრაობა 10-14 დღეში აღდგება. გზა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და სახიფათოდ მიიჩნევა, მთაში თოვლის დნობის შედეგად დაიტბორა. მეწყრული პროცესების შედეგად გზაზე ხელოვნური ტბა წარმოიქმნა.

თუშეთისკენ მიმავალი გზა კვლავ პარალიზებულია: როდის აღდგება მოძრაობა

ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ ლეჩურთან გზის სავალი ნაწილი წყალმა წაიღო, რის გამოც, მე-9 კილომეტრიდან 72-ე კილომეტრამდე მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე ინტენსიურ სამუშაოებს ატარებენ, რათა გზა უმოკლეს ვადებში გაიხსნას და თუშეთისკენ გადაადგილება უსაფრთხო გახდეს.

ფშაველი–აბანო–ომალოს გზა ერთადერთი საავტომობილო გზაა, რომელიც თუშეთში მიდის. უამინდობის გამო ეს გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე დაკეტილია.