ხორავას ქუჩის მკვლელობა: კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მიხეილ კალანდია ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით 4 ივნისს დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდიას, რომელსაც დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობა ედება ბრალად, პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სასამართლომ კალანდიასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე დღეს გამართულ დახურულ სხდომაზე იმსჯელა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კალანდიას ოჯახის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია.

მოზარდების მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: მიხეილ კალანდია დააკავეს

„არანაირი ახალი დეტალი არ არის და არც იქნება. მიხეილი უდანაშაულოა და ჩვენ ვიბრძოლებთ, რათა დავამტკიცოთ ეს. ჩვენ დავიწყებთ ბრძოლას. ჩვენ არ გვაქვს სასამართლო და სამართლიანობა. როდესაც უდანაშაულო ბავშვს ციხეში სვამენ, ამას არ შეიძლება სასამართლო და სამართლიანობა უწოდო. ჩვენ ბრძოლას ვიწყებთ", - განაცხადა კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებთან.

მიხეილ კალანდიას ბრალი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და „ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარედგინა, რომელიც ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მიხეილ კალანდია ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით 4 ივნისს დააკავეს.

2017 წლის 1 დეკემბერს სისხლიანი გარჩევის შედეგად 16 წლის მოზარდები დაიღუპნენ- დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივ ჩხუბს ემსხვერპლნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა

ამ დანაშაულის ჩადენისთვის მანამდე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. 2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული გუგა ბარბაქაძე დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, გიორგი ჯანაშია კი სარალიძის მკვლელობის მცდელობაში.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე: მირზა სუბელიანი საპატიმროს 8 ივლისს დატოვებს

მიხეილ კალანდიას დაკავების მოთხოვნით დავით სარალიძის მამამ, ზაზა საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში გამართა. კალანდიას მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის დაკავებას მოითხოვდა.

იმის თაობაზე, რომ მიხეილ კალანდია შესაძლოა დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყოფილიყო, ამ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგო კაპანაძემაც განაცხადა. ასეთი დასკვნის საფუძველი საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის ჩვენება გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩხუბის დროს კალანდია, სარალიძისა და ჯანაშიას გაშველების დროს სარალიძეს ხელს ურტყამდა. ამ დროს ჯანაშიამ სარალიძეს დანა დაარტყა.

2019 წლის 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის განხილვა განხილვა დასრულდა, რომელმაც დაადასტურა გამოძიების ვერსია იმის თაობაზე, რომ ჯანაშიამ სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა. რაც შეეხება ბარბაქაძეს, მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. შედეგად თითოეულ მათგანს 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.