ვინ და როგორ დასცა ლარი?

რა ხდება საფინანსო სექტორში, რატომ უფასურდება ლარი, რამ გამოიწვია პანიკა სავალუტო ბაზარზე და რა ნიშნულზე დაეშვება ეროვნული ვალუტა?
Sputnik

სამსონ ხონელი

ეროვნული ვალუტის გაუფასურება ჩვენი დროების ერთ-ერთი მწვავე და აქტუალური საკითხია. შემოდგომის მიწურულს უკვე ხუთი წელი შესრულდება, რაც ლარმა დაღმასვლა დაიწყო. არავინ იცის, ეროვნული ვალუტა რა ნიშნულზე შეხვდება მისი მიმოქცევაში გაშვებიდან ოცდამეოთხე ღვინობისთვეს.

ფაქტია, ბოლო რამდენიმე წელია, ის ნაბახუსევისთვის დამახასიათებელი მერყევი ხასიათით გამოირჩევა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველა, ვისაც ეს ეხება თუ არ ეხება, მიუხედავად იმისა, სათანადო კომპეტენცია აქვს თუ არა, ცდილობს ამოხსნას ლარის გაუფასურების მრავალუცნობიანი ამოცანა. ბუნებრივია, რომ პოლიტიკოსთა შეფასებებში სწორედ პოლიტიკური მდგენელი სჭარბობს. ოპოზიციური ველი ეროვნული ვალუტის ავადობას ხელისუფლების უნიათობას აბრალებს. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასა და ეროვნული ბანკის საქმიანობას აკრიტიკებენ. მათ ამგვარ პოზიციას იზიარებენ ის პოლიტიკოსებიც, ვისთვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ხიბლი ჯერ კიდევ უცხოა. თავად მეოცნებე მთავრობა ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას ყურადღებას სულ სხვა, ძირითადად საგარეო ფაქტორებზე ამახვილებს... ასე იყო ახლაც, როცა ვარდობითვის პირველივე დეკადაში ეროვნულმა ვალუტამ ფსკერზე დაშვება დაიწყო. საგაზაფხულო ყვინთვა პარტნიორ და მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს დაბრალდა. ხაზგასმით ითქვა, რომ ლარის კურსის დაცემის მაკროეკონომიკური ფაქტორები არ არსებობს. ისე, კაცმა რომ თქვას, ლარის პოზიციების შესუსტება არითმეტიკული სიზუსტით დაემთხვა თურქული ლირის გაუფასურებას. ამავე დროს უფასურდებოდა რუსული რუბლიც. ექსპერტების განმარტებით, ეკონომიკაში ასეთ მოვლენას „აჟიოტაჟურ“ კურსს უწოდებენ. ის ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან მომდინარეობს და, როგორც წესი, მოკლევადიანია. არადა, ლარი გაუფასურებას კვლავაც განაგრძობს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ლირა მაისის მეორე ნახევრიდან თანდათან მყარდება.

ევროპარლამენტში არჩევნები დასრულდა – რა ელოდება საქართველოს

ლოგიკურია კითხვა – რა არის ლარის დაცემის მიზეზი? როგორც ანალიტიკოსების ერთი ნაწილი აცხადებს, თუ შიდა მაკროეკონომიკური პარამეტრებიც წესრიგშია და პარტნიორ ქვეყნებშიც ეროვნული ვალუტების რყევა დასრულდა, ასეთ შემთხვევაში პრობლემის ძიება უფრო შორიდან უნდა დავიწყოთ...

ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი: „ინვესტიციების მონაცემებს ჩავხედოთ. ის ქვეყანაში ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ჩვენ დავინახავთ, რომ 2018 წელს მისი მოცულობა წინა წელთან შედარებით 35 პროცენტით შემცირდა. მართალია, ეს გასული წლის მონაცემია, მაგრამ ინვესტიციების მნიშვნელოვან კლებას გარკვეული გადაცემის ეფექტი მიმდინარე წელზეც აქვს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც თითქმის ყველას შეუმჩნეველი დარჩა, არის ფულის მასის მატება. მაგალითად, 2019 წლის აპრილში ფულის მიმოქცევის მაჩვენებელი 10 მილიარდ ლარს აჭარბებდა, მაშინ, როდესაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში 8 მილიარდს მცირედით აღემატებოდა. ასე რომ, თუ გასული წლის განმავლობაში ინვესტიციების მოცულობა შემცირდა, ასევე მცირე იყო ფულის მასაც და ისინი ერთმანეთს მეტ-ნაკლებად აბალანსებდნენ. მიმდინარე წელს კი უცხოური ვალუტის მკვეთრი მატების გარეშე ლარის მასის ზრდამ ზეწოლა გაზარდა ეროვნული ვალუტის კურსზე. კიდევ ერთი ფაქტორია პანიკა. იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა მასიურად დაიწყეს ლარის მოშორება. მნიშვნელოვნად გაიზარდა დოლარზე მოთხოვნა, რამაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო შეუწყო ხელი ლარის გაუფასურებას...“

რა ვქნათ თუ ლარის რყევა „ჯიბეს ურტყამს"

საინტერესოა, ქვეყნის სავალუტო ბაზარზე რამ გამოიწვია პანიკა და შეიძლებოდა თუ არა ამისი თავიდან აცილება? ანალიტიკოსების მოსაზრებით, აჟიოტაჟური კურსის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს საინფორმაციო ვაკუუმი. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებმა, რომლებმაც არ იციან, რამ გამოიწვია ეროვნული ვალუტის რყევა, თავისთავად არც ის იციან, როგორ გაგრძელდება პროცესი და ისინი იწყებენ ლარის მოშორებას. შედეგად ვიღებთ პანიკას სავალუტო ბაზარზე.

არსებული სიტუაციის განმუხტვა, ცხადია, ხელეწიფება ეკონომიკურ გუნდსა და, განსაკუთრებით, ცენტრალურ ბანკს. სწორედ ამ უკანასკნელს გააჩნია ის მონეტარული ინსტრუმენტები, რაც განსაკუთრებით კარგად მუშაობს არაფუნდამენტური ან ფსიქოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული გაუფასურების დროს. თუმცა, ექსპერტ-ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ყველაზე ეფექტური ასეთ დროს საზოგადოების სწორად ინფორმირებაა. სწორედ ეროვნულმა ბანკმა უნდა აუხსნას საზოგადოებას, რასთან აქვს საქმე და რამდენად არსებობს გრძელვადიან პერსპექტივაში გაუფასურების რისკები. მათივე შეფასებით, თუ გადავხედავთ უკანასკნელ პროცესებს, ჩვენთან მსგავსიც კი არაფერი ყოფილა, ოფიციალურად არავის განუმარტავს საზოგადოებისთვის, თუ რა ხდებოდა სავალუტო ბაზარზე და რა იწვევდა ლარის გაუფასურებას. მეტიც, ცენტრალური ბანკს წერილობითი განმარტებაც არ გაუვრცელებია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ცხადია, საინფორმაციო ვაკუუმმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აჟიოტაჟური ფონის ჩამოყალიბებას.

კიდევ ერთი საკითხია – უნდა ჩაერიოს თუ არა ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესებში. საბანკო სფეროს სპეციალისტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციისგან თავის შეკავებას გამართლება აქვს.

პოლიტიკური „კუწურიეს“ დაწუნებული სამოსი, ანუ „ოცნება“ ისევ მოდაშია?

ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია: „როცა მოქმედებს მიზნობრივი ინფლაციის რეჟიმი, იქ სავალუტო კურსის მიზნობრივი მაჩვენებლის განსაზღვრა აღარ ხდება. ეროვნული ბანკი კურსის ნიშნულს არ უყურებს, უყურებს მხოლოდ მაშინ, თუ კურსმა ფასებზე იქონია გავლენა. ამიტომ იგი თვლის, რომ მხოლოდ მაშინ უნდა გააკეთოს ინტერვენცია, თუ ინფლაციის იმპორტმა ფასების სტაბილურობას საფრთხე შეუქმნა. ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა. მნიშვნელოვანია არა ვალუტის გაცვლითი კურსი, არამედ მისი მსყიდველუნარიანობა. არსებული მიზნობრივი ინფლაციის რეჟიმს აქვს რამდენიმე ნაკლი, საიდანაც პირველ რიგში ქვეყანაში დოლარიზაციის მაღალი დონე უნდა დასახელდეს...“

ერთი სიტყვით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია, რასაც თან ახლდა არასწორი მონეტარული პოლიტიკა და კურსის რყევების სრული იგნორირება, რამაც ლარი გაუფასურების მაქსიმუმზე მიიყვანა...