„იაფი ნარკოტიკი - გამოწვევაა საქართველოსთვის“ - ექსპერტმა ნარკომანიის პრობლემებზე ისაუბრა

საქართველოში ნარკომანიის პრობლემის აღმოსაფხვრელად ანტინარკოტიკული სისტემის შემუშავებაა საჭირო, მიაჩნიათ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. იაფი ნარკოტიკი, ე.წ. სირეცი, რომელიც შიზოფრენიას იწვევს და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები - ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევებია საქართველოსთვის, განუცხადა ჟურნალისტებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ.

საქართველოში ნარკომანიის პრობლემა აქტუალურია, მიიჩნევს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა იზრდება, ხოლო ამის საწინააღმდეგო ანტინარკოტიკული კამპანია ქვეყანაში დაწყებული არ არის.

„თეთრი ხმაური“ სასწრაფო განცხადებას ავრცელებს: MDMA-ს ნაცვლად სინთეზური ოპიოიდი იყიდება

კილაძის თქმით, ე.წ. სირეცი არის დაბალი ხარისხის იაფფასიანი ნარევი და საქართველოში ნარკომანებს შორის დიდი პოპულარობით არაერთი წელია სარგებლობს. ამასთან, საქართველოს ნარკობაზარზე გამუდმებით ჩნდება ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებები, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს, აღნიშნავს ექსპერტი.

„ის იწვევს სხვადასხვა ბიოლოგიურ, ბიოაქტიურ ცვლილებებს და ხშირ შემთხევაში, შეუქცევად ცვლილებებს – ფსიქიკურ პრობლემებს, სუნთქვის პარალიზებას“, – აღნიშნა კილაძემ.

ნარკოლოგი დარწმუნებულია, რომ ნარკომანიის აღსაკვეთად ხელისუფლებამ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები უნდა გაატაროს.

„ეს ძალიან დიდი პირამიდის მწვერვალია. ანტინარკოტიკული სისტემის შემუშავება - ეს არ არის მარტივი პროცედურა, ეს არის პროცედურა, რომელიც ვადების მიხედვით არის გაწერილი. ფაქტია, რომ დღეისათვის ნარკოტიკების მოხმარება იზრდება“, - განაცხადა კილაძემ და აღნიშნა, რომ მუშაობა ნარკომანიის აღმოსაფხვრელად უნდა დღესვე დაიწყოს, გარდა ამისა, საჭიროა მუშაობა ბავშვებთან.

პოლონეთის მთავრობამ დააფინანსა პროექტი „კომპასი“, რომლის ფარგლებში უკვე მომზადებულია შესაბამისი ლიტერატურა, გადამზადდა კადრები: საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პედაგოგებსა და ფსიქოლოგებთან ტრენინგები ჩატარდა.