2019 წლის ზაფხული ნორმაზე ცხელი იქნება – სინოპტიკოსების ვარაუდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მცხოვრებლებსა და სტუმრებს ცხელი ზაფხული ელოდებათ.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ზაფხულის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე ერთი გრადუსით მაღალი იქნება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +21-22 გრადუსი იქნება; მთაში +18-20, ხოლო მაღალ მთაში +15-17 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია +19-23 გრადუსი სითბო, მთაში +17-19; ხოლო მაღალ მთაში +14-15 გრადუსია ნავარაუდევი.

ზაფხულში ნალექების რაოდენობაც ნორმაზე მეტი იქნება.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში ოთხშაბათს, 5 ივნისს

ზაფხულის სეზონზე ნალექების ნორმა კოლხეთის დაბლობზე 250-300 მილიმეტრი, ხოლო სანაპირო ზოლში 550-600 მილიმეტრი იქნება. მთაში მოსალოდნელია 220-250 მილიმეტრი, მაღალ მთაში კი 250-350 მილიმეტრი.

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, ნალექების რაოდენობა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 150-300 მილიმეტრი, ხოლო მთიან და მაღალმთიან რაიონებში 200-300 მილიმეტრი იქნება.

საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, 2019 წლის ზაფხულის პერიოდში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მის შიდა რაიონებზე და კავკასიის რეგიონზე ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს.

2018 წელს ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +20-23 გრადუსი, მთაში +17-20 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში +14-16 გრადუსი სითბო იყო.

ზაფხულის სეზონზე ნალექების ნორმამ შავი ზღვის სანაპირო ზოლში 500-580 მილიმეტრი, კოლხეთის დაბლობზე 250-500 მილიმეტრი, მაღალ მთაში კი 300-350 მილიმეტრი შეადგინა.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ნალექების ნორმა დაბლობში 150-300, მთასა და მაღალ მთაში 190-300 მილიმეტრი შეადგენდა.