საქართველოს ფეხბურთის ნაკრები შესარჩევი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს

ნაკრების ბაზაზე ამჟამად 22 ფეხბურთელი ვარჯიშობს. მათ კიდევ ოთხი სპორტსმენი შეუერთდება.
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩებისთვის მომზადების მესამე დღეს კიდევ ორი ფეხბურთელი შეუერთდა, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) განცხადებაში.

ბათუმის „დინამოს" მცველი გიორგი ნავალოვსკი და შვედური „გეტებორგის" ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი ნაკრებს მას შემდეგ შეუერთდნენ, რაც თავიანთი კლუბებისგან გათავისუფლდნენ.

დასახელდა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა შვეიცარიასთან მატჩში

ეროვნული გუნდის ვარჯიშში ამ ეტაპზე 22 ფეხბურთელი მონაწილეობს. დღეს, 4 ივნისს თბილისში კიდევ ოთხი მოთამაშე უნდა ჩამოვიდეს – გურამ კაშია, გიორგი აბურჯანია, გიორგი პაპუნაშვილი და ოთარ კიტეიშვილი.

ამას გარდა, საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის" ცენტრალური მცველი საბა კვერკველია მზადებას ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს.

„ამ შეხვედრებს მთელი გუნდი მოუთმენლად ველოდებით. გასულ ორ შეხვედრაში ნაჩვენებმა შედეგმა გარკვეული დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გააჩინა როგორც ფეხბურთელებში, ისე გულშემატკივრებში. ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი შეგვიძლია და გულშემატკივარი მეტს იმსახურებს, აქედან გამომდინარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ თვალში რეაბილიტირება მოვახდინოთ", – განაცხადა სფფ-ის პრეს-ცენტრთან საუბრისას ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა.

გუნდს, სამწუხაროდ, რამდენიმე ლიდერი ვერ დაეხმარება. კერძოდ, საუბარია ჯანო ანანიძეზე, ვაკო ყაზაიშვილზე, თორნიკე ოქრიაშვილზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე. სამაგიეროდ, თავის გამოჩენის საშუალება მიეცემათ ახალგაზრდებს. პირველ რიგში იგულისხმება შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია.

რაც შეეხება უშუალოდ ევრო-2020-ის შესარჩევ მატჩებს, საქართველოს ნაკრები 7 ივნისს თბილისში, „დინამო არენაზე" ითამაშებს გიბრალტარის წინააღმდეგ (მატჩის დასაწყისი 20:00 საათი), ხოლო სამი დღის შემდეგ გასვლით მატჩში დანიას დაუპირისპირდება (22:45 საათი თბილისის დროით).

ევრო-2020-ის D-შესარჩევ ჯგუფში ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს არც ერთი ქულა არა აქვს და ბოლო ადგილზეა. პირველ მატჩში ვლადიმირ ვაისის გუნდმა თბილისში შვეიცარიასთან წააგო – 0:2, ხოლო დუბლინში ირლანდიასთან – 0:1.