თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. მაშველები ამბროლაურის რაიონის სოფელ ურავთან ახლოს ტყეში დაკარგულ 23 წლის მამაკაცს ეძებენ, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალგაზრდა მამაკაცი სოფელ ურავში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან 22 მაისს გავიდა და მთის ფერდობზე არსებული ტყის მასივისკენ გაემართა, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და პოლიცია საძიებო და სამძებრო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში, ინტენსიურად ახორციელებენ. ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო ოპერაციაში დამატებით სწრაფი რეაგირების ჯგუფიც ჩაერთო. ისინი უკვე იმყოფებიან ადგილზე და ტერიტორიის დათვალიერებას მდინარე ლუხუმის ხეობასა და მთებში ახორციელებენ.
რთული რელიეფის გამო სამძებრო პროცესებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.