ის კოშმარი შენელებული კადრივით მახსენდება – 29 წელი თბილისის საბაგიროს ტრაგედიიდან

ეს ამბავი საშინელებათა ფილმის სიუჟეტს ჰგავს, თუმცა რეალურად თბილისში მოხდა... 1990 წლის 1 ივნისს, ზუსტად 29 წლის წინ მთაწმინდის საბაგიროზე მოხდა ტრაგედია, რომლის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 42 დაშავდა.
Sputnik

მათგან უმრავლესობა ბავშვი იყო, მათ შორის „ბავშვთა დღის“ აღსანიშნავად მთაწმინდის პარკის დასათვალიერებლად ექსკურსიაზე ჩამოსული ახალციხის №5 სკოლის მოსწავლეები…

სანამ ამ ტრაგედიის მხილველებს და დაზარალებულის მონათხრობს გაგაცნობთ, მოდით, აღვადგინოთ იმ დღის ქრონიკა.

1 ივნისს, 15:15 საათზე თბილისის მთაწმინდის საბაგიროზე საწევი ბაგირი მოულოდნელად გაწყდა და დაკიდებული ორი გონდოლა პარალელურად დაგორდა. ერთი მათგანი, რომელიც ქვედა სადგურთან ახლოს იყო, სადგურის კედელს შეეჯახა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ზევითა გონდოლამ მაღალი სისწრაფის აკრეფა დაიწყო, ის ქვედა საყრდენ ანძას და იქვე ჩახვეულ გაწყვეტილ საწევ ბაგირს შეეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ გონდოლა ორ ნაწილად გაიხლიჩა. დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან ადამიანები 6-სართულიანი შენობის სახურავზე და მის ეზოში ჩამოცვივდნენ. ზოგი უკვე შეჯახებამდე, პანიკაში მყოფი გონდოლადან თავად გადმოხტა…

ის კოშმარი შენელებული კადრივით მახსენდება – 29 წელი თბილისის საბაგიროს ტრაგედიიდან

მანამდე საბაგიროს რეკონსტრუქცია 1988 წელს, ანუ ტრაგედიამდე ორი წლით ადრე ჩაუტარდა ინჟინერ ვახტანგ ლეჟავას პროექტის მიხედვით, რაც სამი საყრდენი ანძიდან ორანძიან ვერსიაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ქვედა ანძა შეიცვალა და 20-მეტრიანის ნაცვლად 25-მეტრიანი დაიდგა. იტალიური კომპანიის მიერ დამზადებული მართკუთხა ფორმის ახალი გონდოლები 40 ადამიანზე იყო გათვლილი. ისინი იმ მიზნით შეიცვალა, რომ საბაგიროზე მუდამ დიდი რიგები იყო და ახალ გონდოლაში უფრო მეტი ადამიანი ეტეოდა. ავარიის დღეს ქვემოთ მომავალ გონდოლაში 46 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო ზემოთ მიმავალში 47 მგზავრი…

სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად საწევი ბაგირის გაწყვეტა და დამჭერი მოწყობილობის პრობლემა დაასახელა, თუმცა ფინალური ანგარიშში არ დევს დოკუმენტაცია იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა გონდოლას ქუროდან საწევი ბაგირის გამოვარდნა…

ჩვენ მოვძებნეთ ადამიანები, რომლებიც 29 წლის წინანდელ ტრაგედიას იხსენებენ…

ის კოშმარი შენელებული კადრივით მახსენდება – 29 წელი თბილისის საბაგიროს ტრაგედიიდან

თბილისელი ფიტნეს-ინსტრუქტორი დავით რატიანი იმ დღეს ნათესავის ბავშვთან ერთად საბაგიროზე იმყოფებოდა. ამ ამბის შემდეგ მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

– ბატონო დავით, სად იყავით იმ დროს, როდესაც ეს ამბავი მოხდა?

— ის კოშმარი შენელებული კადრივით მახსენდება… მაგ დროს კაბინაში ვიყავი და ქვემოდან ზევით ავდიოდი. მახსოვს, ეს ამბავი რომ მოხდა, გამცილებელმა კაცმა ყვირილი დაიწყო – დაწექითო, თუმცა რა აზრი ჰქონდა ამის გაკეთებას, არ მესმოდა. მან კაბინის მუხრუჭის ჩამოწევა დაიწყო, მაგრამ ამითაც რას უშველიდა?— მოშლილი იყო… ვაგონი საკმაოდ გადაჭედილი იყო, ნათესავის ბავშვი, ვინც მახლდა, საწუხაროდ, გარდაიცვალა. მე ხერხემლის პრობლემები შემექმნა…

– სახელმწიფომ თუ აღმოგიჩინათ რამე დახმარება?

— ამის მერე ოპერაცია დამჭირდა, მაგრამ არავინ დამხმარებია და არავის დავუფინანსებივარ. მახსოვს, ჩემი მშობლები როგორ დარბოდნენ, რომ ჩემთვის მოსკოვში ოპერაციის გაკეთების უფლება მოეპოვებინათ…

– იმ დროისთვის რამე არაოფიციალური ვერსია თუ არსებობდა?

— ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ახალი სისტემა სპეციალურად იყო ასე არასწორად დამონტაჟებული. თანაც, ახალი ვაგონები ძველზე უფრო დიდი იყო, ტროსი კი იგივე დატოვეს. ასე რომ, ბუნებრივია, ძველი ტროსი ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებდა. ეს ამბავი დღემდე გაურკვეველია. ბევრი ვერსია გამოითქვა, მაგრამ მე მაინც დივერსიას ვემხრობი, რადგან ეს ყველაზე ადვილი გასაკეთებელი იყო. აბა, როგორ შეიძლება, რომ ეს იყიდო და ის არა, ერთ კომპლექტში?! თვალშისაცემი იყო, რომ ამ ამბის მერე ყველა დაზარალებული დაგვქსაქსეს, ალბათ იმიტომ, რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია არ გვქონოდა. სხვათა შორის, ამ საქმეს ჩემი ნათესავი იძიებდა და, მახსოვს, აიძულეს, რომ შეჩერებულიყო. ამბობდა, ეს საქმე სამოქალაქომ წაიღოო…

ბათუმელი მსახიობი ია გოგიბერიძე 1 ივნისს თბილისში დეიდასთან იყო სტუმრად ჩამოსული. ამ ამბის შემდეგ მას დახურული სივრცის და სიმაღლის შიში დასჩემდა.

– ქალბატონო ია, თქვენ სად იყავით ამ ტრაგედიის დროს?

— 1 ივნისს ჩემ მეგობართან ერთად ფუნიკულიორზე წავედი, სწორედ იმ დღეს მოხდა ტრაგედია. ეს ამბავი არასოდეს დამავიწყდება, მას შემდეგ დახურული სივრცის და სიმაღლის შიში დამჩემდა. როგორ მოხდა, იცით? ჩვენ ზემოთ ვიყავით და დაბლა უნდა ჩამოვსულიყავით. გამცილებელმა მამაკაცმა გვითხრა, ხომ ხედავთ, ქვემოდან უკვე მეორე მოდის, დაელოდეთ და იმას გაჰყევით, უფრო თავისუფალი იქნებაო. ასეც მოვიქეცით – შემდეგს დაველოდეთ. უცებ ჩვენ უკან კედელი ჩამოინგრა. ვერ მივხვდით, რა მოხდა! მერე გავხედეთ და დავინახეთ, რომ კედელს თურმე გაწყვეტილი ტროსი მოწყდა. ჩვენ თვალწინ საშინელება დატრიალდა. ატყდა ყვირილი-ტირილი, გულის წასვლები, ხალხი შეშლილს ჰგავდა. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ულამაზესი ტყუპი გოგო, ბავშვები, რომლებსაც ყველა ეფერებოდა. ისინი მთაწმინდაზე ბებოს ჰყავდა სასეირნოდ ამოყვანილი. ყველაზე საშინელი კი ის არის, როცა მახსენდება, საბაგიროს კაბინაში ადგილი არ იყო და ჩვენ იმ ტყუპ გოგონებს დავუთმეთ ადგილი, რომ დაბლა ჩასულიყვნენ… გარკვეული დროის მერე, გაოგნებულები, როგორც იქნა, ადგილიდან დავიძარით. მაშინ მობილურები არ იყო და ყველა ჩქარობდა, რომ ქალაქის ავტომატებიდან სახლებში დაერეკა. მანამდე ფეხით ჩამოვედით და ყველანი ეკლესიაში შევედით. ჩვენი გადარჩენისთვის და ვინც იქ იყო, მათ გადასარჩენადაც სანთლები დავანთეთ…

ის კოშმარი შენელებული კადრივით მახსენდება – 29 წელი თბილისის საბაგიროს ტრაგედიიდან

თბილისელი თამრიკო მამიკონიანი ტრაგედიის დროს მეზობლის ბავშვთან ერთად რუსთაველის გამზირზე, საბაგიროზე ასასვლელი ბილეთების რიგში იდგა.

— საბაგიროზე ყოველთვის დიდი რიგი იყო, მაგრამ იმ დღეს განსაკუთრებულად ხალხმრავლობა შეიმჩნეოდა. მაშინ 19 წლის ვიყავი. გადავწყვიტე 10 წლის მეზობლის ბავშვი პარკში წამეყვანა, რადგან 1 ივნისი იყო და მთაწმინდის პარკში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება ტარდებოდა. დღის 2-3 საათი იქნებოდა. ძალიან ცხელოდა, მახსოვს, რიგში მდგარი ხალხი დავთვალე და ბავშვს ვუთხარი, ეს ვაგონი წავა, უკან მობრუნდება და უკვე მესამეზე ჩვენ ავალთ-მეთქი. რამდენიმე წუთის შემდეგ ხმაური შემოგვესმა. დაიწყო ყვირილი, ხალხი პანიკაში ჩავარდა. თქვეს, საბაგიროს ტროსი გაწყდაო. ადგილზე მაშინვე გაჩნდა მილიცია, რომელმაც იქიდან გაგვიყვანა და საბაგიროზე ზევით ასასვლელი კარები დახურა. მალე სასწრაფო დახმარების მანქანებიც მოვიდა.

– იმ წუთებში ხალხში რა ვერსია ვრცელდებოდა?

— გავრცელდა ხმები, რომ საბაგიროს ტროსი მოძველებული იყო. კიდევ ის ვერსია, რომ საბაგირო გადატვირთული იყო, თუმცა ეს ნაკლებად სარწმუნოა. ამ ამბავმა ჩემზე იმდენად იმოქმედა, რომ მერე მეტროში დიდხანს ვერ ჩავდიოდი.

თვითმხილველი ალესია სვერჩკოვა, რომელიც მაშინ 9 წლის იყო და მომხდარს საკუთარი სახლის აივნიდან ადევნებდა თვალს.

— ყველაფერს ჩემი სახლის აივნიდან ვუყურებდი. ეს ბავშვობის საშინელი მოგონებაა. ახლაც რომ ვიხსენებ, შინაგანად ყველაფერი მიცახცახებს. ზაფხულის მშვენიერი დღე იყო. მე, ჩემი ძმა და მამა აივანზე ვისხედით, როცა საშინელი გრუხუნის ხმა მოგვესმა. ჩვენ თვალწინ საბაგიროს ერთმა კაბინამ გაიფრინა და სადგურს შეეჯახა. ეს ქვემოთ მიმავალი ხალხით სავსე ვაგონი იყო. მეორე ვაგონი, რომელიც ზევით ადიოდა, გამოედო იმას, რომელიც ქვემოთ ეშვებოდა და შუაზე გადაჭრა იგი. ვაგონის ნახევარში მყოფი ხალხი გადაჭრილ ვაგონთან ერთად სახლის სახურავზე დაეშვა. ატყდა ერთი ყვირილი, ყველაფერი საშინელი სანახავი იყო.  ვხედავდი, გაჭრილი ვაგონი როგორ ირწეოდა და მასში მყოფი ორი თუ სამი მოზარდი შეშინებული როგორ ყვიროდა და შველას ითხოვდა. მამა ტრაგედიის ადგილზე გაიქცა, მე ძმასთან ერთად გაოგნებული ვიდექი და ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა. იმ დღეს და იმ ბავშვებს მთელი ცხოვრება ვიხსენებ… იმ შემთხვევის მერე დღემდე შიშის გრძნობა მაქვს და მე და საბაგირო გზა, ლიფტი, თვითმფრინავი — შეუთავსებელია.

ამერიკაში მცხოვრები თბილისელი ინგა ადამს-პოგანიკი იმ დროს საავადმყოფოში იმყოფებოდა.

– ქალბატონო ინგა, იმ დღის შესახებ რას გაიხსენებდით?

— ამ ამბავს უშუალოდ საბაგიროზე არ შევსწრებივარ, მაგ დროს ბავშვი პატარა მყავდა. მას ოპერაცია გავუკეთეთ და საავადმყოფოში ვიწექით დიღომში, მგონი, ბავშვთა მე-6 საავადმყოფო იყო, ზუსტად აღარ მახსოვს. საშინლად ცხელოდა, მაშინ საავადმყოფოში კონდიციონერები არ ჰქონდათ. პალატაში ორნი ვიყავით, მე და ერთი სომეხი გოგო, რომელსაც ნაოპერაციები პატარა ბიჭი ჰყავდა. მახსოვს, ერთი ახალგაზრდა ექიმი იყო, შესანიშნავი პროფესიონალი, მგონი, გაბოევი იყო თუ გაბარაევი, სამწუხაროდ მისი სახელიც დამავიწყდა. იმ ტრაგიკულ დღეს უცებ ატყდა სირენების კივილი, საავადმყოფოს ეზო ხალხით აივსო, მოჰყავდათ დაშავებულები, დარბოდნენ ექთნები, საოპერაციოებს ამზადებდნენ. ჯერ არ ვიცოდით რა ხდებოდა, ყველანი დავიზაფრეთ. მერე ვიღაცამ მოიტანა ამბავი, საბაგირო ვაგონი ჩამოვარდნილაო… ის ახალგაზრდა ექიმი იმიტომ გავიხსენე, რომ იმ საღამოს სწორედ ის მორიგეობდა. რა თქმა უნდა, სხვებიც გამოიძახეს სასწრაფოდ. იმ ექიმმა კი მთელი ღამე საოპერაციოში გაატარა. გამოვიდოდა, გადაღლილი და გაფითრებული, დაჯდებოდა 10-15 წუთი და ისევ უკან გარბოდა. მე და ჩემი პალატის მეზობელი, მაშინ 24-25 წლის გოგოები, ვცდილობდით, რაიმეთი დავხმარებოდით. სხვა რომ არაფერი შეგვეძლო, მთელი ღამე ყავას ვუდუღებდით ექიმს და მის მედპერსონალს, რომ სიფხიზლე შეენარჩუნებინათ. არასოდეს დამავიწყდება იმ ექიმის უძილობისგან ჩაწითლებული თვალები და დაღლილობისგან ფერდაკარგული ხალხი როგორ თავგამოდებით, ერთსულოვნად, ბოლო წუთამდე იბრძოდა თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად…

ის კოშმარი შენელებული კადრივით მახსენდება – 29 წელი თბილისის საბაგიროს ტრაგედიიდან