ყაზანში ნანა ძაგნიძე მსოფლიო ჩემპიონობისათვის იბრძოლებს

ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ყაზანში პრეტენდენტთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
Sputnik

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ფიდეს 2019 წლის პრეტენდენტთა საჭადრაკო ტურნირი ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად სტარტს ყაზანში (რუსეთი) დღეს, 31 მაისს აიღებს.

ტურნირში რვა სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე, რომელიც ფიდეს რეიტინგში მე-11 ადგილზეა. ძაგნიძესთან ერთად მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, ჩინელ ცზიუ ვენცზიუნთან თამაშის უფლების მოსაპოვებლად რუსეთის ოთხი წარმომადგენელი – ეკატერინა ლაგნო, ალექსანდრა კოსტენიუკი, ალექსანდრა გორიაჩკინა, ვალენტინა გუნინა, ასევე ორი უკრაინელი მარია და ანა მუზიჩუკები და ჩინელი ტან ჩჟუნი იბრძოლებენ.

ყაზანში ნანა ძაგნიძე მსოფლიო ჩემპიონობისათვის იბრძოლებს

„მე არ ვილაპარაკებ შანსებზე, იმიტომ რომ ამ ტურნირის მოგება ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია. პირადად მე მოხარული ვარ, აქ რომ ვიმყოფები. ვფიქრობ, ეს ქალთა ჭადრაკის ისტორიაში უძლიერესი ტურნირია და მე ვეცდები ჩემი თამაში ვაჩვენო", – განაცხადა ფიდეს პრეს-სამსახურთან ტურნირში საკუთარ მონაწილეობაზე ნანა ძაგნიძემ.

ნანა ძაგნიძე ქალთა შორის 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეა

პრეტენდენტთა ტურნირი ორწრიული სისტემით ჩატარდება – რვა მონაწილიდან თითოეული ყველა მონაწილესთან ორ პარტიას ითამაშებს: ერთს თეთრით, მეორეს – შავი ფიგურებით.

ტურნირის საპრიზო ფონდი 200 ათასი ევროა.

პირველ ტურში, რომელიც თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება, ერთმანეთს შეხვდებიან:

გუნინა - ლაგნო

კოსტენიუკი - გორიაჩკინა

ძაგნიძე - ჩჟუნი

მუზიჩუკი - მუზიჩუკი

ფიდეს პრეტენდენტთა ტურნირი 18 ივნისამდე გაგრძელდება.