მსოფლიო დღეს

კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის თანამზრახველები ესპანეთში დააკავეს

მთავარმა ეჭვმიტანილმა ტარიელ ონიანმა რუსეთში 10-წლიანი სასჯელი მოიხადა - მალე მას ესპანეთის მხარეს გადასცემენ
Sputnik

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. ფულის გათეთრების გახმაურებულ საქმეზე, რომლის მთავარი ფიგურანტი კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანია, ესპანეთის ნაციონალურმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости განაჩენის ტექსტზე დაყრდნობით.

ონიანი რუსეთში იმყოფება და მალე სასამართლო პროცესზე დასასწრებად ესპანეთში იქნება ექსტრადირებული. დაუსწრებელ სასამართლოს ესპანეთის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

გამოვიდა, მაგრამ ისევ ჩასვეს: ტარიელ ონიანი კვლავ დააკავეს>>

საბოლოო ჯამში, ნაციონალური სასამართლოს განსასჯელთა სკამზე 15 ადამიანი აღმოჩნდა (ესპანეთის, ასევე საქართველოს, რუსეთის, ყაზახეთის, ბრაზილიის მოქალაქეები), რომელთაც კრიმინალური დაჯგუფების წევრობა და დანაშაულებრივი საქმიანობის, მათ შორის, ადამიანების გატაცებისა და გამოძალვის შედეგად ნაშოვნი ფულის ესპანეთში შექმნილი კომპანიების მეშვეობით გათეთრება ედებათ ბრალად.

რუსეთი „კანონიერ ქურდ" ტარიელ ონიანს ესპანეთს გადასცემს

მათი უმრავლესობა დასთანხმდა პროკურატურასთან თანამშრომლობას. დანაშაული არ აღიარა მხოლოდ ერთმა ბრალდებულმა - ესპანელმა ადვოკატმა ხოსე ანტონიო დომინგო ბალტამ. სასამართლომ ბრალდებულებს სასჯელის სახით სამიდან ექვს თვემდე პატიმრობა (რომელსაც ისინი რეალურად არ მოიხდიან) და ჯარიმები შეუფარდა, კიდევ ერთი ბრალდებული ქალი სასამართლომ გაამართლა.

ოპერაცია „ბზიკი“ ესპანეთში 2005 წელს ჩატარდა. მაშინ 28 ადამიანი დააკავეს - საქართველოს, რუსეთისა და ესპანეთის მოქალაქეები. ყველა ფულის გათეთრებაში იყო ეჭვმიტანილი. ოპერაციაში 400 პოლიციელი მონაწილეობდა. ათობით ჩხრეკა ჩატარდა ბარსელონაში, ალიკანტეში, მარბელიეში, ფუენხიროლეში, ბენალმადენსა და ტორემოლინოსში. დაყადაღდა საბანკო ანგარიშები, სახლები, ავტომობილები, ამოღებულ იქნა ანტიკვარიატი, ძვირფასი ნივთები, დიდი ოდენობით ნაღდი ფული.

თუმცა მთავარმა ეჭვმიტანილმა ტარიელ ონიანმა ესპანეთიდან ოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე მოახერხა გაქცევა და მიმალვა. ცოტა ხნის წინ ამოიწურა მისი პატიმრობის 10-წლიანი ვადა, რომელსაც ონიანი რუსეთის საპატიმროში იხდიდა. მალე მისი ესპანეთში ექსტრადირება იგეგმება.