„თანამდებობა არ არის პრივილეგია" – აჭარის მთავრობის მეთაური ჩინოვნიკების დაკავებაზე

თორნიკე რიჟვაძე საზოგადოებას მოუწოდებს, დაკავებული ჩინოვნიკების საქმეზე სასამართლოს გადაწვეტილებას დაელოდონ.
Sputnik

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება კორუფციასთან შეურიგებელ ბრძოლას აწარმოებს და კანონის დარღვევის შემთხვევაში ვერავინ შეძლებს პასუხისმგებლობას გაექცეს, განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში ბათუმში ჩინოვნიკების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.

ბათუმში მაღალჩინოსნები დააკავეს: დაკავებულია ვიცე-მერი და ექს-მერი

ხუთშაბათს აჭარის პროკურატურამ ბათუმის ყოფილი მერის გიორგი ერმაკოვისა და ბათუმის მთავრობისა და მერიის მოქმედი ექვსი მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ განაცხადა. მათ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და დაახლოებით 1,4 მლნ ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.

„თანამდებობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის გარანტია ან პრივილეგია, ვერავინ ისარგებლებს ხელშეუხებლობით. თუმცა, ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მართლმსაჯულების აღსრულებას. ასევე მინდა განვმარტო, რომ ჩვენი ხელისუფლების შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან გრძელდება, ჩვენ ვიქნებით ყველასთან თანაბრად მომთხოვნი და კანონის წინაშე ყველა არის თანაბარი. ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ ვითანამშრომლებთ საგამოძიებო ორგანოებთან“, – განაცხადა რიჟვაძემ.

ჯერ კიდევ 1 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე რიჟვაძემ განაცხადა, რომ არსებობს ჩინოვნიკების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით რაღაც ეჭვები, რომლებიც გადამოწმებას საჭიროებს. ამასთან, ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ყველა ჩინოვნიკი, რომელიც ეცდება „სახელმწიფო რესურსებზე პარაზიტად" გადაიქცეს, საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება.

აჭარაში დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალს ხვალ წარუდგენენ

დაკავებულთა შორის არიან: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი; განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე; ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე; ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე; ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე; ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს" უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე და ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბექა ხალვაში.

საქმე ეხება ტენდერს, რომელიც 2015 წელს ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით ჩატარდა. ყველა დაკავებული იმ პერიოდში ბათუმის მერიაში მუშაობდა და აღნიშნული კომისიის წევრები იყვნენ.

გამოძიების ცნობით, ტენდერში კომპანია Convent Georgia-მ გაიმარჯვა. მან თანხა მას შემდეგ მიიღო, რაც კომისიას წარმოუდგინა შეთანხმების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რომელიც ლონდონში დარეგისტრირებულმა Point Bank LTD-მა გასცა. როგორც პროკურატურამ გამოარკვია, Point Bank LTD ბანკი არ არის, უფრო მეტიც, იგი არააქტიური კომპანიაა.