საქართველოში გაზის დეტექტორები ყველა ოჯახისთვის სავალდებულო გახდება

საქართველოში იგეგმება დამოუკიდებელი მონიტორინგის ორგანოს შექმნა, რომელიც ბუნებრივი აირის ქსელზე მომხმარებელთა მიერთებას გააკონტროლებს.
Sputnik

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ბუნებრივი აირის გაჟონვის დასადგენად დეტექტორების მონტაჟი 2019 წლის ბოლომდე აუცილებელი გახდება როგორც ახალ, ისე ძველ საცხოვრებელ კორპუსებში, განაცხადა ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გაზის დანადგარების ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ბოლო თვეებში გახდა, როდესაც თბილისში ადამიანების დაღუპვის ფაქტები გახშირდა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“: გაზდანადგარებზე პასუხს თავად ბინების მფლობელები აგებენ>>>

„გაზის დეტექტორები სავალდებულო გახდება ყველა ოჯახისთვის როგორც ძველ, ასევე ახალ კორპუსებში. კომპანიები უკვე აღარ იბარებენ კორპუსების შიდა ქსელებს დეტექტორების გარეშე... ის, რომ ეს ამ წელში მოხდება, გარდაუვალია", – განაცხადა ვარდიაშვილმა.

მისი სიტყვებით, იგეგმება დამოუკიდებელი მონიტორინგის ორგანოს შექმნა. ამასთან, მომხმარებელი ვალდებული იქნება წელიწადში ერთხელ მიმართოს ერთ-ერთ ლიცენზირებულ კომპანიას, რომელიც შეამოწმებს ქსელს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შესაბამისი კანონპროექტი უკვე მოამზადა.

„ჩვენ ვფიქრობთ დეტექტორების შეღავათიანი პირობებით შეძენის სისტემაზეც. დეტექტორი, შესაძლოა, მძიმე ტვირთად დააწვეს მოქალაქეს, ამიტომაც შესაძლოა ეს მოხვდეს კომპანიის მონტაჟის ფარგლებში და შემდგომ კომპანიამ გადაანაწილოს მისი გადახდის გრაფიკი", – თქვა ვარდიაშვილმა.

თბილისში ერთ თვეში შვიდი ათასზე მეტი გაზდანადგარი ჩახსნეს

ამჟამად დეტექტორების შეძენა შესაძლებელია თითქმის ყველა ტექნიკის მაღაზიაში, თუმცა, ენერგოომბუდსმენის თქმით, აპარატურა იმ დონის უნდა იყოს, რომ მან საფრთხის შემთხვევაში არა მხოლოდ სიგნალი გამოსცეს, არამედ საჭიროების შემთხვევაში მრიცხველთან იქონიოს კავშირი და გამორთოს გაზის მრიცხველი. ასეთი დეტექტორის ფასი დაახლოებთ 20 დოლარია.

მხოლოდ გასულ თვეში გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ–თბილისის" სპეციალისტებმა ქსელიდან ჩახსნეს 7 281 კუსტარულად დამონტაჟებული ღია წვის კამერიანი გამათბობელი და „კალონკა".

სტატისტიკის თანახმად, აპრილში დარღვევების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა ისანი-სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებში.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2016-2018 წლებში ბუნებრივი აირის გაჟონვას 86 ადამიანი ემსხვერპლა, მოწამლულთა რიცხვი კი 285-ს შეადგენს.

მიმდინარე წლის იანვრის შუა რიცხვებში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დიდ დიღომში მრავალსართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა, დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. 31 იანვარს ისანში მხუთავი აირით გამოწვეული ინტოქსიკაციით შვიდი ადამიანი დაიღუპა.