მარში და საქებარი სიტყვები - საქართველოში პოლიციის დღეს აღნიშნავენ

ქართული პოლიციის დღე ლისის ტბის ტერიტორიაზე აღინიშნა
Sputnik

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. საქართველოს პირველმა პირებმა პოლიციელებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს.

პოლიციის დღე, რომელიც 2010 წელს დაარსდა, ბოლო წლებში 31 მაისს აღინიშნება.

საზეიმო ღონისძიება თბილისში, ლისის ტბის ტერიტორიაზე გაიმართა.

საპატრულო პოლიციამ, სასაზღვრო პოლიციამ, ექსპერტ-კრიმინალისტებმა, დაცვის პოლიციამ, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტისა და მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა, მეხანძრე-მაშველებმა - სამხედრო ორკესტრის მუსიკის თანხლებით მარშით გაიარეს და სცენისა და ტრიბუნის გასწვრივ ჩამწკრივდნენ.

„ადამიანობის რწმენა დაგვიბრუნეს" – რით გააკვირვა საქართველოს პოლიციამ ამერიკელი გოგონა>>

შსს-ს თანამშრომლებს პირველმა გიორგი გახარიამ მიულოცა.

„ძვირფასო პოლიციელებო! დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით, სად ვიმყოფებით. ზუსტად ვიცით, როგორი გეგმები გვაქვს და სად მივდივართ. სწორედ ამ გეგმებიდან გამომდინარე, ჩვენს მიმდინარე რეფორმებს სისტემური განახლება ვუწოდეთ. სწორედ განახლება, რათა შევძელით შეგვენარჩუნებინა ყველაფერი კარგი, რაც იყო წარსულში და სიახლეებითა და რეფორმებით გვეპასუხა თანამედროვე გამოწვევებისთვის, რომელთა წინაშეც ახლა ვდგავართ“, - განაცხადა გახარიამ.

მარში და საქებარი სიტყვები - საქართველოში პოლიციის დღეს აღნიშნავენ

ახლა მთავარი მიზანია, პოლიცია ეფექტური და პოლიტიკურად ნეიტრალური იყოს, რათა ადამიანების ღირსება და უფლებები დაიცვას.

 „ყველა, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროს ემსახურება - დღეს თქვენი სამსახური უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. და არ არსებობს სხვა უფრო ღირსეული სამსახური, ვიდრე მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და თქვენი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვა და ქვეყანაში მშვიდობის სადარაჯოზე ყოფნაა. კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციის დღეს. ჩემთვის საქართველოს სამსახურში ყოფნა თქვენთან ერთად უზარმაზარი პატივია“, - განაცხადა გახარიამ.

საინტერესო ფაქტები საქართველოს პოლიციაზე

საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოვიდა.

 „პოლიცია დემოკრატიულ ქვეყანაში არის მთავარი ინსტიტუტი, რომელიც იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მშვიდობას. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, ევროპულ, თავისუფალ სახელმწიფოს და თქვენ ხართ ამ პროცესის მთავარი და აუცილებელი საყრდენი“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მაღალი პროფესიონალიზმისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის წყალობით პოლიცია შეძლებს, იყოს ეფექტიანი და მოსახლეობის ნდობა მოიპოვოს.

 „დღეს განსაკუთრებული დღეა. ისეთი პროფესიის არჩევა, რომ დაეხმარო საკუთარ მოქალაქეს და სიცოცხლე დააყენო საფრთხის ქვეშ, შეუძლია ყველაზე გაბედულ ადამიანს და მათ, რომელთაც უზომოდ უყვართ თავისი სამშობლო“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მარში და საქებარი სიტყვები - საქართველოში პოლიციის დღეს აღნიშნავენ

პრემიერმა მადლობა გადაუხადა შსს-ს ხელმძღვანელობას სიახლეებისა და რეფორმის ინიცირებისთვის, რომელიც, მისი თქმით, პოლიციას სრულიად ახალ დონეზე აიყვანს.

 „დღეს საქართველოს ჰყავს პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია, რომელიც იცავს კანონს. დღეს საქართველოს ჰყავს პოლიცია, რომელიც არის შეურიგებელი კრიმინალთან ბრძოლაში და ამავე დროს ინარჩუნებს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტს. ეს არის ძალიან დიდი და ისტორიული მიღწევა და თითოეულ თქვენგანს მინდა ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა ბახტაძემ.