თბილისი, 31 მაისი – Sputnik. სამი ადამიანი დაშავდა თბილისში ერთ–ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, იუწყება კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისი“.
აფეთქება დღეს საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა.
კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისის” ინფორმაციით, მიზეზი, სავარაუდოდ, ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა.
„აფეთქების შესახებ კომპანიის ცხელ ხაზზე შეტყობინება 18:41 საათზე შემოვიდა. კომპანიის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნული კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო, ძლიერ აფეთქებას გადაურჩა“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეზობლების განცხადებით, აღნიშნული ბინა გაქირავებული იყო. დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებმაც მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„ყაზტრანსგაზ – თბილისი“ მოუწოდებს მოსახლეობას, არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში და უყურადღებოდ.
საქართველოში მოსახლეობის მხრიდან ბუნებრივი გაზის დანადგარების უსაფრთხო მოხმარების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური თბილისში ბოლო თვეებში ადამიანების დაღუპვის ფაქტების შემდეგ გახდა.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“: გაზდანადგარებზე პასუხს თავად ბინების მფლობელები აგებენ>>
იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. 31 იანვარს კი ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოში 2016-2018 წლებში ბუნებრივი აირის გაჟონვას 86 ადამიანი ემსხვერპლა, მოწამლულთა რიცხვი კი 285-ს შეადგენს.