საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ხელოვნების სასახლეს პატრონაჟს გაუწევს

მუზეუმს საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებასა და კულტურული პროგრამების მხარდაჭერას ჰპირდებიან.
Sputnik

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი პატრონაჟს გაუწევს თბილისის ხელოვნების სასახლეს - მემორანდუმს სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობის შესახებ ხელი მოაწერა მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეთანხმებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს მეთაურის მფარველობა დადებითად აისახება მუზეუმის უნიკალური ფონდის პოპულარიზებასა და მისი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერაზე.

„ხელოვნების სასახლეში დაცული ეროვნული საგანძური უფრო ცნობადი გახდება. პრეზიდენტის თანადგომა უმნიშვნელოვანესი იქნება მუზეუმში დაგეგმილი სარესტავრაციო, საგანმანათლებლო და საგამოფენო პროექტების თვალსაზრისთაც", - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის ხელოვნების სასახლე სტუმრებს მუზეუმის დღეზე იწვევს

ხელოვნების სასახლე პირველი და ერთადერთი მუზეუმი იქნება, რომელსაც პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართული სახელმწიფოსთვის კულტურას პირველი ადგილი უკავია. სხვა ეროვნულ მუზეუმებს ჰყავს მფარველი. მაგრამ რაც შეხება ამ მუზეუმს, რომელიც სხვებისგან განსხვავდება, პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ შესაძლებელია მეტი თანამშრომლობა და ერთად მეტი საქმის გაკეთება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, სახელმწიფოს პირველი პირების მხრიდან მუზეუმების პატრონაჟი საკმაოდ გავრცელებული ტრადიციაა ევროპაში. თბილისის ხელოვნების სასახლის შემთხვევაში ეს მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მუზეუმის პრესტიჟის გაზრდაში როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში.

ხელოვნების სასახლე, ანუ თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ცენტრია. შენობა 1926 წელს ცნობილი არქიტექტორის, პაულ შტერნის პროექტით აიგო.