„ყაზტრანსგაზ-თბილისი“: გაზდანადგარებზე პასუხს თავად ბინების მფლობელები აგებენ

ყველა აბონენტის შემოწმება თბილისში 2020 წლის მარტისთვის უნდა დასრულდეს
Sputnik

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ არ აგებს პასუხს გაზდანადგარების ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე, ის მხოლოდ ამოწმებს მათ და რეკომენდაციებს გასცემს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილემ გიორგი ლეფსვერიძემ.

აპრილში „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებმა შემოწმება ჩაუტარეს იმ აბონენტებს, რომლებსაც თავის დროზე კუსტარულად დამონტაჟებული ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებლები უკვე ჩაუხსნეს. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობამ თვითნებურად კვლავ დააერთა აკრძალული გაზდანადგარები, რითაც როგორც თავიანთი ოჯახების წევრების, ისე მეზობლების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს. მხოლოდ აპრილში სპეციალისტებმა ქსელიდან ჩახსნეს 7 281 კუსტარულად დამონტაჟებული ღია წვის კამერიანი გამათბობელი და „კალონკა“.

ევაკუაცია დიღომში: საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი გაზის სუნი იგრძნეს >>

„დღეს მოქმედი უსაფრთხოების წესების მიხედვით, სახლში გაზდანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხს მასპინძელი აგებს. კანონით, ჩვენ ვალდებულნი ვართ წელიწადში ერთხელ ყველა ბინის შესამოწმებლად გავუშვათ სპეციალისტი, რომელიც დაადგენს, რამდენად არის დაცული უსაფრთხოების ყველა ზომა და საჭიროების შემთხვევაში მითითებებს მისცემს“, - განაცხადა ლეფსვერიძემ.

მისი თქმით, კომპანია ვალდებულია მიმდინარე წლის 1 მარტიდან შემდეგი წლის 1 მარტამდე შეამოწმოს 450 ათასი აბონენტი და აკრძალული გაზდანადგარების აღმოჩენის შემთხვევაში ჩახსნას ისინი ქსელიდან, დალუქოს და აქტი შეადგინოს.

თბილისში ერთ თვეში შვიდი ათასზე მეტი გაზდანადგარი ჩახსნეს

გაზდანადგარების ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ბოლო თვეებში გახდა, როდესაც თბილისში ადამიანების დაღუპვის ფაქტები გახშირდა.

მიმდინარე წლის იანვრის შუა რიცხვებში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დიდ დიღომში მრავალსართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა, დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. 31 იანვარს ისანში მხუთავი აირით გამოწვეული ინტოქსიკაციით შვიდი ადამიანი დაიღუპა.