მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
Sputnik

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავტოკატასტროფა, რაზეც საუბარია, 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მოხდა. ერთმანეთს BMW-სა და Nissan Tiida-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ერთ–ერთ ავტომობილს კვირიკაშვილი მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კვირიკაშვილის მეუღლე ანა ბუაძე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე და მათი მეგობარი დაიღუპნენ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლის განცხადებით, სასამართლო ექსპერტების ჩვენებებს და საქმეში არასებულ მასალებს დაეყრდნო. მასალებით კი არ გამოიკვეთა კვირიკაშვილის ბრალეულობა.

მანამდე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სპორტსმენისთვის  აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად, 15 ათასი ლარის სანაცვლოდ გირაო აირჩია. დღეს გამართული სასამართლო გადაწყვეტილებით კი  კვირიკაშვილს გაუუქმდება გირაო 15 ათასი ლარის ფარგლებში და ყადაღა მოეხსნება მის სახლს. ასევე, დაუბრუნდება ავტომანქანა BMW.

საქმეზე სასამართლო სხდომა ორ წელზე მეტი მიმდინარეობდა. კვირიკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (დანაშაული ითვალისწინებს 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას).