მაგდა პაპიძე კლინიკაში გადაიყვანეს

ქმარ-შვილის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 30 მაისი — Sputnik.  მაგდა პაპიძე, რომელსაც მეუღლისა და 5 წლის შვილის — ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა აქვს შეფარდებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საპატიმროდან კლინიკაში გადაიყვანეს, იუწყება ქართული მედია.

სტრასბურგის სასამართლომ მაგდა პაპიძის საჩივრის განხილვაზე უარი თქვა>>>

როგორც მსჯავრდებულის დედამ, ლია შამუგიამ „Sputnik -საქართველოსთან" განაცხადა, მისი შვილი ექიმთან გეგმიურ შემოწმებაზე იმყოფებოდა.

„თვალის ბადურა ეშლებოდა, თანაც დიაბეტიანია. 2 თვის წინ გაიკეთა ოპერაცია. ბადურა იყო ჩამოშლილი, ექიმებმა გვითხრეს, გადავარჩინეთ თვალის დაკარგვასო. ახლა მდგომარეობა ნორმალურია", - აცხადებს ლია შამუგია. 

მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა 2016 წლის 6 ივლისს შეუფარდეს. ნაფიცმა მსაჯულებმა იგი დამნაშავედ ცნეს იმაში, რომ 2015 წლის 19 დეკემბერს კამათის დროს ჯერ მეუღლე მოკლა, შემდეგ კი მცირეწლოვანი შვილი გაგუდა.

მსაჯულებმა პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს

სასამართლო სხდომების დროს პაპიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ პოლიციელებმა მის მიმართ ძალადობა გამოიყენეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. პაპიძის თქმით, ამის შედეგად მას მუცელი მოეშალა. ის ამტკიცებს, რომ დაირღვა მისი უფლებები, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლებით არის გათვალისწინებული („წამების აკრძალვა" და „დისკრიმინაციის აკრძალვა").

პაპიძის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს, მაგრამ მან საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადა.