ბათუმში მაღალჩინოსნები დააკავეს: დაკავებულია ვიცე-მერი და ექს-მერი

პარალელურად აჭარის პროკურატურამ 17:00 საათზე ბრიფინგი ჩანიშნა
Sputnik

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ბათუმის ორ სახელმწიფო უწყებაში ორი სპეცოპერაცია ჩატარდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ტელევიზიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ჩატარდა ბათუმის მერიაში და დაკავებულია ვიცე-მერი თენგიზ პატიძე და ექს-მერი გიორგი ერმაკოვი. ასევე მერიიდან პოლიციამ კიდევ ოთხი თანამშრომელი წაიყვანა.

ასევე, დააკავებულია აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, წარსულში კი ბათუმის ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე. მანველიძე სამინისტროში თანამშრომლების თვალწინ დააკავეს.

ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია უცნობია.

პარალელურად აჭარის პროკურატურამ 17:00 საათზე ბრიფინგი ჩანიშნა.

ამ ეტაპზე უცნობია, უკავშირდება თუ არა ბრიფინგი ბათუმში ჩატარებულ ორ სპეცოპერაციას სახელმწიფო უწყებებში.