ნახეთ, როგორ გამოიყურება ჩერნობილი კატასტროფიდან 33 წლის შემდეგ - ვიდეო

Sputnik

მას შემდეგ, რაც ამერიკულ ტელეარხ HBO-სა და ევროპის უმსხვილესი საკაბელო არხის, Sky Television-ის ერთობლივი პროექტი „ჩერნობილი“ ყველა დროის ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალი გახდა, ჩერნობილის კატასტროფის ირგვლივ, საზოგადოების ყურადღება ერთიორად გაიზარდა.

ვიდეოში ჩანს ტრაგედიის ადგილი აფეთქებიდან 33 წლის შემდეგ. ჩერნობილის შემოგარენი ველური ბუნების ნაკრძალად იქცა, აქ ბინადრობენ მგლები, ირმები, დათვები, არწივები და სხვა ცხოველები. რადიოაქტიური გაჟონვის შედეგად, ადგილობრივი ტყე გაწითლდა და დღეს წითელი ტყე ეწოდება. ამჟამად რეაქტორში 200 ტონა რადიოაქტიური მასალაა დარჩენილი.სადგურის უსაფრთხოდ გამოცხადება დაახლოებით 100 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

1986 წლის 26 აპრილს უკონტროლო რეაქციის შედეგად ჩერნობილის რეაქტორზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც რადიოაქტიური ნივთიერებები ატმოსფეროში გაიფანტა და მომწამვლელი ღრუბელი დასავლეთ რუსეთის, ბელორუსის, უკრაინისა და ევროპის თავზე გაიფანტა.

ჩერნობილის კატასტროფა 2011 წლის 11 მარტამდე, ფუკუშიმას ატომური რეაქტორის კატასტროფამდე, ერთადერთი მოვლენა იყო, რომელიც საერთაშორისო ატომურ შკალაზე მეშვიდე დონეს უტოლდებოდა.

ჩერნობილის კატასტროფამ საბჭოთა კავშირს 18 მილიარდი რუბლის ზარალი მიაყენა.

უშუალოდ კატასტროფის შედეგად დაიღუპა 31 ადამიანი, ხოლო რადიოაქტიური მოწამვლის შედეგად წარმოქმნილი დაავადებები დღემდე აწუხებთ ქალაქ პრიპიატისა და მის შემოგარენში მცხოვრებ ადამიანებს.