თბილისი, 29 მაისი — Sputnik. მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიებზე ვიზიტორთა მხრიდან უსაფრთხოების წესებისა და განსაზღვრული მარშრუტების უგულებელყოფის პირობებში სააგენტო შესაძლო უბედურ შემთხვევებზე პასუხისმგებლობას მოიხსნის, აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტრაგედია ლაგოდეხში: მაშველებმა დაკარგული 16 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს>>>
სააგენტო ზაფხულის სეზონზე მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიებზე ტურისტებისა და მოზარდთა ჯგუფების მოჭარბებულ ნაკადებთან დაკავშირებით ვიზიტორებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ფიზიკური ტრავმების პრევენციის მიზნით უსაფრთხოების წესების დაცვას სთხოვს.
„მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების უსაფრთხოების ინფრასტრუქტურული ელემენტებით აღჭურვისა და ადმინისტრაციებში „საიტ-მენეჯერებისა" და მეთვალყურეების არსებობის მიუხედავად, საფორტიფიკაციო დანიშნულების არქიტექტურულ კომპლექსებზე და „კლდის ძეგლებზე" (უფლისციხე, ვარძია, დავით-გარეჯის კომპლექსი) არსებობს ტრავმული დაზიანების მიღების რისკი, რაც ვიზიტორთა ჯგუფების ხელმძღვანელ პირებს და გიდებს მეტ ვალდებულებას აკისრებს", – აღნიშნულია განცხადებაში.
მუზეუმ-ნაკრძალების არეალებში სტუმრად მყოფ ტურისტებს, მოზარდთა ჯგუფებს და მათ ხელმძღვანელებს სააგენტო უპირატესად დადგენილი მარშრუტებით სარგებლობას სთხოვს.
26 მაისს უბედური შემთხვევა მოხდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. გურგენიანის ნაკრძალში ექსკურსიის დროს თბილისის სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს, სავარაუდოდ, ნაპირზე ფეხი დაუცურდა და მდინარე ნინოსხევში გადავარდა. 16 წლის გოგონას ცხედარი მაშველებმა მეორე დილით იპოვეს. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, ტრაგედიის მიზეზი ნაკრძალის ტერიტორიაზე ქცევის წესების დაუცველობა გახდა.
27 მაისს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ექსკურსიის დროს კი შვიდი წლის ბავშვი გალავნიდან გადმოვარდა და დაცემისას სხეულის დაზიანებები მიიღო.
სკოლის მოსწავლეების ექსკურსიებზე ქცევის წესები გასულ წელს გაამკაცრეს. განათლების სამინისტრომ ზომების მიღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2018 წლის 9 ივნისს ექსკურსიაზე ყოფნის დროს ოთხი ადამიანი – სამი მოზრდილი და ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა. მიკროავტობუსი გომბორის უღელტეხილზე ხევში გადავარდა.
სამინისტროს ინიციატივით, სკოლა ვალდებულია, ინფორმაცია ჰქონდეს იმ ექსკურსიების თაობაზეც, რომლებსაც მშობლები დამოუკიდებლად მოაწყობენ. მათ თან უნდა ახლდეს ადამიანი, რომელსაც გავლილი აქვს პირველი სამედიცინო დახმარების გაწევის კურსი.