თბილისი, 29 მაისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა შესწორებების პაკეტი, რომელიც ცხოველებისადმი სასტიკი ან არასათანადო მოპყრობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესწორებების თანახმად, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხუთმა დეპუტატმა შეიმუშავა, იზრდება ჯარიმა ცხოველებთან არასათანადო მოპყრობისათვის, რამაც ცხოველის წვალება ან ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს. არსებული 40-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად სამართალდამრღვევი 100-დან 500 ლარამდე ჯარიმას გადაიხდის.
გარდა ამისა, დაწესდება 100-ლარიანი და მეტი ჯარიმა მშობლებისთვის, რომელთა შვილებიც სასტიკად მოეპყრობიან ცხოველებს.
დეპუტატებმა გაამკაცრეს ასევე სისხლის სამართლის სასჯელი ცხოველების წამებისა და მათთან სასტიკად მოპყრობისთვის. დღეიდან სასტიკი მოპყრობა დაისჯება 120-დან 240 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში კი, ეს ქმედება 200-დან 400 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
მოქმედ კანონმდებლობაში წამება და სასტიკად მოპყრობა ისჯება ჯარიმით ან ერთწლიანი გამოსასწორებელი სამუშაოებით, დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში კი, ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
შესწორებები ძალაში შევა სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ვებგვერდზე კანონის გამოქვეყნებიდან 15 დღეში.