ცოცხალი ჯაჭვი დავით-გარეჯის ირგვლივ: აზერბაიჯანის საზღვართან აქცია გაიმართა

დავით-გარეჯის ისტორიული კომპლექსის ტერიტორიაზე სამშაბათს მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციის გამო ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იყვნენ კონცენტრირებული. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ რა ხდებოდა მონასტრის მახლობლად
Sputnik

დავით-გარეჯის ისტორიული კომპლექსის ტერიტორიაზე სამშაბათს მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციის გამო ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იყვნენ კონცენტრირებული. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ რა ხდებოდა მონასტრის მახლობლად.

აქციის მონაწილეებმა – მრევლმა, სასულიერო პირებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა წმინდა ადგილები მოილოცეს. მათ რამდენიმე კილომეტრი ფეხით გაიარეს რთული რელიეფის ადგილებში, რათა უდაბნოს მონასტერთან და ჩიჩხიტურის კოშკთან მიეღწიათ. ამ ადგილებს აზერბაიჯანული მხარე აკონტროლებს. გზაზე აქციის მონაწილეებმა აღმართეს ქართული დროშები, ხოლო ჩიჩხიტურის ირგვლივ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსს აზერბაიჯანელი ისტორიკოსები „ქეშიქჩიდაღს“ უწოდებენ და „აზერბაიჯანის ქვის ძეგლად“ მიიჩნევენ. მათი მტკიცებით, კომპლექსი ოდესღაც არსებული კავკასიის ალბანეთის კულტურას განეკუთვნება.