ბუენოს-აირესში თბილისის სკვერი გაიხსნა

ბოლო დროს არგენტინაში ქართული კულტურის პოპულარიზებას დიდი ყურადღება ექცევა.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და არგენტინის მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავთან დაკავშირებით ბუენოს-აირესში თბილისის სახელობის სკვერი გაიხსნა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სკვერის გახსნაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს ქალაქის პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ფრანცისკო კინტანამ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა და მერიის წარმომადგენელმა ალეხანდრა ფერეირამ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბუენოს-აირესის ავტონომიური ქალაქის პარლამენტისა და მთავრობის წევრები, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დეპუტატთა პალატის წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

საქართველო ტურიზმის სფეროში არგენტინის მდიდარი გამოცდილებით დაინტერესდა

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და არგენტინას შორის 1992 წლის 8 ივნისს დამყარდა.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სფეროებია პოლიტიკა, კულტურა, განათლება, ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა.

ბოლო წლების განმავლობაში არგენტინაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით თეატრისა და კინოს ქართველი რეჟისორების, ზოგადად, ქართული კულტურის პოპულარიზებისკენ მიმართული ღონისძიებები ჩატარდა.

ორი ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებები ახორციელებენ სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლის პროგრამებს. სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ბიზნეს-დელეგაციების გაცვლა უწყობს ხელს. ქართული მხარე ასევე დაინტერესებულია არგენტინის გამოცდილებით სოფლის მეურნეობის სფეროში.

არგენტინის კონგრესის დეპუტატთა პალატაში 2018 წელს საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნა.