სამღვდელოებამ, მრევლმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე VI საუკუნის ქართული სამონასტრო კომპლექსის დავით-გარეჯის ტერიტორიაზე აქცია გამართეს და მსვლელობა მოაწყვეს.
აქცია გაიმართა ლოზუნგით „დავით-გარეჯი – საქართველოა".
ცოცხალი ჯაჭვი და ქართული დროშები – რა ხდება დავით-გარეჯში>>>
ასობით ადამიანი რამდენიმეკილომეტრიანი რთული მთიანი რელიეფის ფერდობზე ფეხით ავიდა, რათა მიეღწია უდაბნოს მონასტრამდე და ჩიჩხიტურის კოშკამდე, რომლებიც მდებარეობს აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად, მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე. გზად აქციის მონაწილეებმა საქართველოს სახელმწიფო დროშები აღმართეს, ჩიჩხიტურის ირგვლივ კი ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
„მიხარია, რომ ამდენი ქართველი შეიკრიბა ერთად. თუ ერთობა იქნება, ყველა პრობლემა მოგვარდება. ამაში დარწმუნებული ვარ. დავით-გარეჯი ქართული სიწმინდეა. და თუ ვინმე მის წართმევას მოინდომებს, ბუნებრივია, პასუხი ადეკვატური იქნება", – განუცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი დვალიშვილმა „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტს.
დავით-გარეჯის ტერიტორიაზე დილიდან მობილიზებული იყვნენ ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, რომლებიც ერთად აკვირდებოდნენ პროცესებს.
აქციის მონაწილეები სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გვიანობამდე დარჩენას გეგმავდნენ, მაგრამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოწოდების შემდეგ შედარებით ადრე დაიშალნენ. პატრიარქის მოწოდება შეკრებილებს სასულიერო პირებმა გააცნეს.
საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია
გუშინ გამოქვეყნდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის განცხადება. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფალთ მოუწოდა, საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების საკითხი ისე გადაწყვიტონ, რომ შეინარჩუნონ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობები. მოსახლეობას კი მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ და პროვოკაციებს არ აჰყვნენ.
„მივმართავთ ყველას, ვისთვისაც მტკივნეულია ეს პრობლემა, აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე; აუცილებელია გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მოვუწოდებ სასულიერო პირებს და მრევლს. ასევე მივმართავთ როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალთ, წარმართონ ინტენსიური მოლაპარაკებები სამართლიანობის დასადგენად, რათა ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაღრმავდეს", – აღნიშნულია განცხადებაში.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მიიჩნევს, რომ დაძაბულობის კერის შექმნა მიუღებელი უნდა იყოს აზერბაიჯანის მხარისთვისაც.
რა ელის დავით–გარეჯს: აზერბაიჯანი მზადაა, საქართველოსთან საზღვრის საკითხი გადაწყვიტოს>>>
ილია მეორემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესია მზადაა, მოლაპარაკების პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.
„მაშინ, როდესაც სახელმწიფოთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, როდესაც ეკლესია ჯერ არ ჩართულა განხილვებში, როდესაც არსებობს აზერბაიჯანულ მხარესთან ურთიერთობის არაერთი საშუალება, როდესაც შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების დახმარებით პრობლემის ცივილიზებულად და სამართლიანად გადაწყვეტა, ამ რესურსების უგულებელყოფა და მკვეთრი განცხადებებისა და ქმედებების განხორციელება სწორედაც რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ვფიქრობთ, დაძაბულობის კერის შექმნა აზერბაიჯანული მხარისთვისაც მიუღებელი უნდა იყოს", – ნათქვამია განცხადებაში.
რა სურს საქართველოს ხელისუფლებას
დავით-გარეჯის ირგვლივ შექმნილი ვითარება საქართველოს პრემიერის წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამაც შეაფასა. იგი ქართული მხრიდან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას ხელმძღვანელობს.
როგორც დარსალიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ემოციური ფონი ნელ-ნელა ჩაცხრეს, რათა კომისიას მუშაობის მშვიდობიან ვითარებაში გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდეს.
„საქართველოსა და აზერბაიჯანს არაფერი აქვთ საჩხუბარი არც ერთ საკითხზე. შესაძლებელია და ქვეყნების მოტივაციაა ორივე მხრიდან, რომ ჩვენ მშვიდ გარემოში მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ხელსაყრელია, მისაღებია ორივე ქვეყნის საზოგადოებებისთვის. ამისთვის მნიშვნელოვანია, არ იყოს ემოციური ფონი, ურთიერთბრალდებები და ა.შ. მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები", – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ პარლამენტის დეპუტატებს კომისიის მუშაობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდოს.
„საქართველოს საგარეო უწყება თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან. თუ იქნება პარლამენტში შეხვედრები, ჩვენ სიამოვნებით გავაცნობთ დეპუტატებს ნებისმიერ ინფორმაციას დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებთან დაკავშირებით. როგორც კი გაიმართება ეს შეხვედრა, ჩვენ მზად ვართ, გავაცნოთ საქართველოს პარლამენტის წევრებს სრულყოფილი ინფორმაცია", – აღნიშნა დარსალიამ.
მისი განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა ერთი თვის განმავლობაში გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ ის თბილისში ჩატარდება. ბოლო შეხვედრაზე, რომელიც ბაქოში წინა კვირაში შედგა, კომისიის წევრები შეთანხმდნენ ექსპერტების დონეზე საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების ერთად დათვალიერებაზე.
პრობლემის მოგვარების პერსპექტივა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მხარეთა კონსენსუსისთვის რესურსი არსებობს.
„მთავარია, ამ საკითხს ჩვენ მშვიდად შევხედოთ. მოლაპარაკების რეჟიმში გადავწყვიტოთ ყველა საკითხი, რომელიც დავით-გარეჯის მონასტერთან არის დაკავშირებული. აქ საქმე ჩვენ მეგობარ სახელმწიფოსთან გვაქვს. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა. აქედან გამომდინარე, ყველანაირი რესურსი არსებობს, რათა აბსოლუტურად სწორად გადაწყდეს საკითხი", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ბრიფინგზე მისმა პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა გააჟღერა. სწორედ ზურაბიშვილმა წამოჭრა საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების დელიმიტაციის აუცილებლობის საკითხი აზერბაიჯანში პრეზიდენტის რანგში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს. საკითხი პრაქტიკულად გაყინული იყო რვა წლის განმავლობაში.
„საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ორ კეთილმეზობლური ურთიერთობის მქონე მეგობარ ქვეყანას შორის საზღვარი უნდა იყოს დადგენილი... რასაკვირველია, პრეზიდენტს ამის იმედი აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინტერესების დაცვა და სასურველი შედეგის მიღება", – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
მოკლედ დავით-გარეჯის შესახებ
საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სიგრძე 446 კილომეტრია. ჯერ კიდევ შეუთანხმებელია საზღვრის 1/3, მათ შორის, დავით-გარეჯის მიმდებარე ტერიტორია.
დავით-გარეჯი – კლდეში ნაკვეთი უნიკალური სამონასტრო კომპლექსია. ის თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 60 კილომეტრის დაშორებით, ნახევრად უდაბნოში, გარეჯის სერზე მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული.
კომპლექსი შედგება კლდეში ნაკვეთი 20 მონასტრისგან. მთავარ მონასტრად წმინდა დავითის ლავრაა მიჩნეული. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემორჩენილია VIII—XIV საუკუნეების ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.
აზერბაიჯანელი ისტორიკოსები დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას ქეშიქჩიდაღს უწოდებენ. მათი მტკიცებით, კომპლექსი ისტორიული კავკასიის ალბანეთის კუთვნილებაა.