საქართველოში ძალადობის მსხვერპლთათვის პირველი საწარმო გაიხსნა

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ პროფესიას შეასწავლიან და სამუშაოს მოძებნაში დაეხმარებიან.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ფონდის მხარდაჭერით თბილისში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის პირველი სოციალური საწარმო „ანასტასია" გაიხსნა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

თბილისში ქმარს მეუღლე და შვილები ჩაკეტილი ჰყავდა და მოკვლით ემუქრებოდა>>

საწარმო ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ბაზაზე შეიქმნა, რომელიც პრეზიდენტის ფონდმა დააფინანსა. ამ სოციალური საწარმოს მიზანია ქალებისთვის პროფესიული განათლების მიცემა და შემდგომი დასაქმება. ეს მათ დამოუკიდებლად ცხოვრებაში დაეხმარება.

ფიზიკური ძალადობა ცოლსა და გერზე - დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი

"საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს ამ ინიციატივას და გააგრძელებს იმ შესაძლებლობის მხარდაჭერას, რომელიც ქალებს მისცემს საშუალებას, ეკონომიკურად ფეხზე დადგნენ, გაეცალონ ძალადობრივ გარემოს, ახალი ცხოვრება დაიწყონ და გაუმჯობესებული გარემო შეუქმნან საკუთარ შვილებს", – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა გენდერული თანასწორობის საკითხებში ქეთევან მახარაშვილმა.

სოციალური საწარმოს ბენეფიციარების უმრავლესობა ოჯახური ძალადობის მსხვერპლია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის პირველ ოთხ თვეში ოჯახური ძალადობის თითქმის 3,4 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან შემთხვევების უმეტესობა თბილისში მოხდა. ამ პერიოდში გამოიწერა 3,5 ათასზე მეტი შემაკავებელი ორდერი.