თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება გააკონტროლებს, რომ კომპანია Georgian Manganese-მა მაღაროელების ყველა მოთხოვნა შეასრულოს სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში, განუცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს.
ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა 15 მაისიდან 27 მაისამდე გაგრძელდა. მათ ოთხი მოთხოვნა ჰქონდათ: „ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულთა ხელფასების მომატება 50%-ით; უკეთესი სადაზღვევო პაკეტი დასაქმებულებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის; გაფიცვისა და მომდევნო პერიოდში ყველა აქტივისტის დაცვა ზეწოლისაგან და მაღაროელთა გაფიცვის კანონიერი უფლების აღიარება; ქალაქში დიდი სატვირთო მანქანების გადაადგილების აკრძალვა.
ორშაბათს, მას შემდეგ, რაც სოლიდარობის ნიშნად მაღაროელებს ქალაქის მოსახლეობა შეუერთდა, მუშაობაზე უარი თქვეს სკოლებისა და მაღაზიების თანამშრომლებმა, აქციამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და საქმეში მთავრობის წევრები ჩაერთვნენ. შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაღაროელების ხელფასები 1 ივნისიდან 25%-ით, ხოლო ერთი წლის განმავლობაში კიდევ 10%-ით (დღევანდელთან შედარებით საერთო ჯამში 35%-ით) მოიმატებს.
„შეთანხმება შედგა პირველ რიგში ჭიათურლებსა და კომპანიას შორის. ეს მათი ერთობლივი თვითშეგნების, პასუხისმგებლიანი მიდგომის შედეგია. ჩვენ ვიქნებით გარანტორები, რომ ყველა პირობა, რაზეც შეთანხმება შედგა, ნამდვილად შესრულდება. განსაკუთრებით პრინციპულები და შეუპოვრები ვიქნებით იმ პირობების შესრულების ნაწილში, რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებას, ჯანდაცვას და კვებას", – განაცხადა თურნავამ.
კომპანია Georgian Manganese-ს უკვე მისცეს შესაბამისი მითითებები ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ხოლო შახტების აღჭურვასთან დაკავშირებით შემუშავდება ერთობლივი გეგმა, რომლის შესრულებასაც სახელმწიფო მკაცრად გააკონტროლებს.
„რაც შეეხება ხელფასების ნაწილს, კარგია, რომ აქ ორივე მხარე წავიდა გონივრულ კომპრომისზე, გაითვალისწინეს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, ასევე დასაქმებულების მოთხოვნები და შედგა გონივრული კომპრომისი. ამ ნაწილში ჩვენ მხოლოდ მედიაცია გავწიეთ, რადგან სწორია, რომ კერძო ბიზნესმა და იქ დასაქმებულებმა გამონახონ საერთო ენა, მათ შორის სახელფასო თემაზე", – აღნიშნა თურნავამ.
მაღაროელების მოთხოვნით ასევე მოხდა კონკრეტული საკადრო ცვლილებებიც – თანამდებობა დატოვა Georgian Manganese-ის გენერალურმა დირექტორმა აკაკი გურჯიძემ.
Georgian Manganese-ის შახტებმა და საწარმოებმა სამშაბათიდან მუშაობა განაახლეს, აცნობა „Sputnik-საქართველოს" ქიმიური და სამთო-მეტალურგიული დარგის პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ნეფარიძემ.