ეს უცნაური ტურისტები: ტაილანდელი პრინცი და სვეტიცხოველში მუხლებზე დაცემული პილიგრიმები

საქართველოში ტურისტული სეზონი უკვე დაწყებულია და ამდენად, ბუნებრივია, ჩვენი ამ სფეროსადმი ინტერესიც უფრო გამძაფრდა.
Sputnik

დღეს კიდევ ერთ პიროვნებას გაგაცნობთ, რომელიც საქართველოს ტურისტულ სეგმენტში 90-იანი წლებიდანაა ჩართული. ქართული ენის ფილოლოგი მაია მდივნიშვილი ერთ-ერთი სანდო და პროფესიონალი ქართველი გიდია, რომელთანაც ტურისტები მეორედ და მესამედაც სიამოვნებით ჩამოდიან.

ეს უცნაური ტურისტები: ტაილანდელი პრინცი და სვეტიცხოველში მუხლებზე დაცემული პილიგრიმები

- ქალბატონო მაია, ქართული ენის ფილოლოგი როგორ მოხვდით ამ სფეროში?

- დიახ, ფილოლოგი ვარ. ინგლისურს ბავშვობიდან ვსწავლობდი და დღეს, რომ იტყვიან, გამომადგა. რა მახსენდება, იცით? როცა მეოთხე კლასში ვიყავი, მოგვცეს თემა: „ვინ მინდა გამოვიდე?“ და მე დაწერე, რომ ან მომღერალი ან ტურისტული გიდი–მეთქი. ასე რომ, ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. უკვე ბევრი წელია ამ სფეროში ვარ, 90-იანი წლებიდან დავიწყე.

- უშუქო ქვეყანაში მაინც ჩამოდიოდნენ ტურისტები?

- თქვენ წარმოიდგინეთ, სწორედ იმ რთულ პერიოდში ჩვენთან ძალიან ინტელექტუალური ტურისტები ჩამოდიოდნენ. ამას თავისი ახსნა აქვს: საბჭოთა კავშირი დაინგრა, რკინის ფარდა აღარ არსებობდა და უცხოელებს სურვილი ჰქონდათ, რომ კავშირის თხუთმეტივე რესპუბლიკა მოევლოთ. ეს განათლებული ხალხი ჩვენთან გასართობად კი არა, შემეცნებისთვის ჩამოდიოდა. მათ უკვე ბევრი რამ იცოდნენ ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურაზე.

ეს უცნაური ტურისტები: ტაილანდელი პრინცი და სვეტიცხოველში მუხლებზე დაცემული პილიგრიმები

- იმ პერიოდში საქართველოში არც ისე ბევრი ტურისტული კომპანია იყო...

- 90-იანი წლებში აქ მარტო ერთი ტურ-კომპანია იყო და 15 გიდი ვიყავით. მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი ამერიკიდან, სადაც ერთი თვე ვიყავი. ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა ტური მომეწყო. ჩემი პირველი ტურისტებიც მახსოვს – ეს იყო ინვალიდის სავარძელში მყოფი ქალბატონი თავისი მხლებლით. ძალიან განათლებული პიროვნება, რომელსაც ჩვენ ქვეყანაზე საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია ჰქონდა.

- ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურისტების ტალღა მოაწყდა ჩვენ ქვეყანას, თქვენ უფრო ხშირად რომელი ქვეყნის ტურისტები გყავთ?

- ჩემთან ბოლო დროს ავსტრალიიდან და ჰოლანდიიდან ჩამოდის ძალიან ბევრი ტურისტი, ასევე რუსულენოვანი უცხოელებიც ბევრია. ყველას მოსწონს ჩვენი ბუნება, კულტურულ-ისტორიული ძეგლები, მაგრამ ყველაზე მეტად რითიც მაშინვე იხიბლებიან, ეს ხალხია. წასვლის წინ ყოველთვის ამბობენ, ასეთი თბილი ადამიანები არც ერთ ქვეყანაში არ არისო, მოგეხსენებათ, სტუმრისთვის როგორი ვართ.

ეს უცნაური ტურისტები: ტაილანდელი პრინცი და სვეტიცხოველში მუხლებზე დაცემული პილიგრიმები

- ამიტომ ვართ სა-უცხოო ერი, ანუ უფრო უცხოელებისთვის სასურველები...

- მართლაც ასეა. ჩვენი სტუმართმოყვარეობის ამბავი მოგეხსენებათ, თან ვყვებით ხოლმე, ამიტომ უცხოელები აქ ხშირად მეორედ ბრუნდებიან.

- გამორჩეული სტუმრებიდან ვის გაიხსენებთ?

- ტაილანდიდან მყავდა ასაკოვანი პრინცი, რომლის შესახებაც ჯგუფის წევრებისგან შემთხვევით გავიგე, რადგან ის ძალიან მოკრძალებულად იყო თავისთვის და სხვა ტურისტებისგან არაფრით გამოირჩეოდა. მოგეხსენებათ, რაც უფრო მაღალინტელექტუალურია ადამიანი, მით უფრო თავმდაბალია.

ეს უცნაური ტურისტები: ტაილანდელი პრინცი და სვეტიცხოველში მუხლებზე დაცემული პილიგრიმები

- საინტერესოა, თუ მოახერხეთ მასთან პირისპირ გასაუბრება?

- ერთ დღეს, როდესაც ჯგუფი სასტუმროში მივიყვანე, საღამოს საერთო აივანზე შევძელი მასთან გასაუბრება. პრინცმა მითხრა, რომ ძალიან მოსაწყენად ცხოვრობს, რადგან მუდმივად უწევს საქმიან შეხვედრებზე ყოფნა და საქმეებზე საუბარი. ამიტომ მხოლოდ მოგზაურობის დროს ვახერხებ დასვენებას და სულიერად განტვირთვასო. მიუხედავად იმისა, რომ ბუნება არც ტაილანდშია ნაკლები, ჩვენი ბუნებით მოიხიბლა.

- ყველაზე გამორჩეული ჯგუფი რომელი ქვეყნიდან იყო?

- ერთხელ მყავდა ჯგუფი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის უცხოელები შედიოდნენ. ისინი სხვადასხვა ქვეყნებში ჩადიოდნენ და ნახულობდნენ მხოლოდ რელიგიურ ადგილებს, ყველას, ქრისტიანულს და მაჰმადიანურსაც. როდესაც ისინი სვეტიცხოველში მივიყვანე, საოცრება მოხდა: უცებ დავინახე მთელი ჯგუფი, როგორც ერთი კაცი, უცებ როგორ დაეცა მუხლებზე და მიწას შუბლით შეეხო. მოგვიანებით გაოცებულმა ვიკითხე, რა ხდებოდა. მათ მიპასუხეს, რომ აქ სასწაული გარემოა, მსოფლიოს ბევრ ადგილზე იყვნენ და ასეთი რამ ჯერ არსად განუცდიათ. სხვათა შორის, ეს მანამდე მოხდა, სანამ მათ სვეტიცხოველში არსებული ქრისტეს კვართის შესახებ ვეტყოდი.

ეს უცნაური ტურისტები: ტაილანდელი პრინცი და სვეტიცხოველში მუხლებზე დაცემული პილიგრიმები

- დაახლოებით ვიცი რასაც მიპასუხებთ, მაგრამ მაინც, თქვენთან რაზე გამოთქვამენ საყვედურს?

- საერთოდ, საყვედურს იშვიათად ამბობენ ხმამაღლა, მაგრამ წასვლის წინ მაინც ვეკითხები ხოლმე – რა მოეწონათ და რა არა. ძალიან უკვირთ და არ მოსწონთ ჩვენი უწესრიგობა, განსაკუთრებით საგზაო წესებისადმი ჩვენი დაუმორჩილებლობა, მით უმეტეს, მანქანებით გადატვირთულ ისეთ ქალაქში, როგორიც თბილისია.

- ტურების შემდეგ თუ გრძელდება თქვენი ურთიერთობა?

- რა თქმა უნდა, ბევრ მათგანთან უკვე ვმეგობრობ. ისრაელიდან ჩამოსულ ტურისტებთან ჩემი ურთიერთობა უკვე კარგა ხანია გასცდა საქმიან ფარგლებს. ამას წინათ ისრაელში დამპატიჟეს და მთელი ქვეყანა მომატარეს. ქართული ტურის შემდეგ მათ სურვილი უჩნდებათ, რომ თავისი ქვეყანაც გამაცნონ.

ეს უცნაური ტურისტები: ტაილანდელი პრინცი და სვეტიცხოველში მუხლებზე დაცემული პილიგრიმები

- თუ საშუალება მოგეცემათ მთელ მსოფლიოს საქართველოზე ორი სიტყვით უთხრათ, რას ეტყოდით?

- ვეტყოდი, რომ ესაა უძველესი ისტორიის, თვითმყოფადი, უნიკალური ქვეყანა, რომელიც ბევრ სხვადასხვა კულტურას აერთიანებს და რომ ასეთი თბილი ხალხი მსოფლიოში არსად არის...