ევაკუაცია დიღომში: საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი გაზის სუნი იგრძნეს

დაკეტილი ბინიდან გაზმა გაჟონა მეზობლის აბაზანასა და კორპუსის სავენტილაციო არხში, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა კორპუსის ყველა მობინადრეს.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის" სწრაფი რეაგირების ჯგუფმა დიღომში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში გაზის გაჟონვა დააფიქსირა, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიის „ცხელ ხაზზე“ შეტყობინება შევიდა, რომ დიღომში მდებარე მრავალბინიან კორპუსში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. სპეციალური ჯგუფი გამოძახების ადგილზე დროულად გავიდა. სპეციალური აპარატით შემოწმებისას ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ სახლში გაზის დიდი რაოდენობით დაგროვება დადასტურდა. უსაფრთხოების მიზნით გადაიკეტა სადარბაზოს დგარები და მოხდა მობინადრეების ევაკუაცია.

ლეფსვერიძე: „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ვალდებულია შეუწყვიტოს გაზმომარაგება, თუ...

დაკეტილ ბინაში შეღწევა სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით მოხერხდა. როგორც აღმოჩნდა, გაზის ღუმელის ერთი კამფორა ღია იყო და შენობაში გაზი დაგროვდა. დაკეტილი ბინიდან გაზმა გაჟონა მეზობლის აბაზანასა და კორპუსის სავენტილაციო არხში, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა კორპუსის ყველა მობინადრეს.

გაზგამანაწილებელი კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და ყურადღება.

თბილისში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა: რა მოხდა გლდანში>>>

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში ხშირია გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში დატოვების ფაქტები. შეგახსენებთ, რომ მომხმარებლების დაუდევრობას შეუძლია სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. კომპანია მადლობას უხდის მოქალაქეს, რომელმაც დროულად შეგვატყობინა პრობლემა", – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში მოსახლეობის მხრიდან ბუნებრივი გაზის დანადგარების უსაფრთხო მოხმარების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური თბილისში ბოლო თვეებში ადამიანების დაღუპვის ფაქტების შემდეგ გახდა.

იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. 31 იანვარს კი ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.