თბილისი, 27 მაისი - Sputnik. მუშა, რომელიც ტყიბულის ნახშირის კარიერში ნაშალი მიწის ქვეშ მოყვა, კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომელია, - აღნიშნულია კომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც „საქნახშირში“ განმარტავენ, ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი მუშა 2010 წლიდან კომპანიაში მუშაობს და არის ელმავლის მემანქანე. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იგი კომპანიის შტატიანი თანამშრომელია, ორშაბათს მას უქმე დღე ჰქონდა.
ამასთან, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ 2018 წლის 16 ივლისიდან ტყიბულში ნახშირის მოპოვება შეჩერებულია. შესაბამისად, კომპანიამ შეაჩერა ხელშეკრულება ყველა კონტრაქტორთან და კერძო პირთან და მათ კუთვნილი ტექნიკის ტერიტორიიდან გაყვანა მოსთხოვა.
„საქნახშირის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, კომპანიამ მიმართა ასევე შესაბამის უწყებებს, გაეკონტროლებინათ კერძო მოპოვების კარიერები, რათა არ მომხდარიყო ტერიტორიაზე უნებართვოდ შეჭრა და ნახშირის მოპოვება, რასაც, კომპანიის ინფორმაციით, რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიამ ინდივიდუალურ მეწარმეებს ნახშირის მოპოვების შეჩერება რამდენჯერმე შესთავაზა. რადგან კომპანიას ჰქონდა ინფორმაცია, რომ კონტრაქტორები არსებულ ღია შახტებზე სამუშაოებს პერიოდულად, ფარულად აგრძელებდნენ.
„მას შემდეგ რაც „საქნახშირმა“ რამდენჯერმე დააფიქსირა კარიერებზე უნებართვო შეჭრა და ნახშირის მოპოვება, მიმართა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ცნობის სახით საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტო. კომპანიამ წერილობით მიმართა აღნიშნულ უწყებებს რათა გაეტარებინათ შესაბამისი ზომები წიაღის უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღკვეთის მიზნით“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
საქართველოს შსს-ს გადაუდებელი დახმარების სამმართველოს ოპერატიული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვანახშირის კარიერში ერთ-ერთი მუშის შესვლის დროს მიწისა და ქვანახშირის მასა ჩამოიშალა და 55 წლამდე მამაკაცი მოიყოლა.
გერმანელი ექსპერტები ტყიბულის შახტებში არსებულ სამუშაო გარემოს შეისწავლიან >>
ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებისა და სპეცტექნიკის მობილიზება მოხდა. სამაშველო ოპერაციას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მიაშველეს.
მაშველებს კომპანია „საქნახშირის“ მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მეშახტეებიც ეხმარებიან.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
კომპანია „საქნახშირი“ ჰოლდინგ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა. იგი დაკავებულია ნახშირის მოპოვებით, გამდიდრებითა და გაყიდვით. „საქნახშირი“ საქართველოს ბაზარზე ნახშირის მომპოვებელი ერთადერთი კომპანიაა.
2018 წლის 5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში, რომლის მფლობელიც კომპანია „საქნახშირია“, მიწის ჩამოშლის შედეგად დაიღუპა ექვსი მუშა, სამი კი დაშავდა. ეს ტყიბულის შახტებში მომხდარი ერთადერთი ტრაგიკული შემთხვევა არ არის. მოგვიანებით, 2018 წლის 16 ივლისს მეთანის აფეთქების შედეგად კედლებმა დეფორმაცია განიცადა და ჭერი ჩამოიშალა. მაშინ დაიღუპა ოთხი და დაშავდა ექვსი მუშა. მომხდართან დაკავშირებით ტყიბულში 25-ვე შახტი გამოძიების დასრულებამდე დაიხურა.
კიდევ ორი მუშაო დაიღუპა ტყიბულის კარიერში 2018 წლის 2 ივნისს.